თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების შესაძლო გადაცემა თეირანის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერაში დრამატულ ესკალაციას გამოიწვევს
ირანმა რუსეთს თუ ბალისტიკური რაკეტები გადასცა ან მომავალში გადასცემს, ეს იქნება „დრამატული ესკალაცია“ თეირანის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერაში, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა, შონ სავეტმა განაცხადა.
გაერო-ში ირანის წარმომადგენლობამ უარყო ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ ცნობები.
„ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთსა და ირანს შორის პარტნიორობა ღრმავდებოდა, რის გამოც შეშფოთებული ვართ“, – აღნიშნა სავეტმა.
შეგახსენებთ, გუშინ გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნალმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა. გამოცემის ცნობით, საუბარია მცირე რადიუსზე მოქმედ რაკეტებზე, რომლის გამოყენებასაც მოსკოვის უკრაინის წინააღმდეგ ომში შეძლებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი გააფრთხილა თეირანი, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში ამას დამანგრეველი შედეგები ექნება უკრაინა-ირანის ორმხრივი ურთიერთობებისთვის.