თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-ში ზრდასრული მოსახლეობის 70% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილია
აშშ-ში ზრდასრული მოსახლეობის 70% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად არის აცრილი, ხოლო 80%-ს პირველი დოზა აქვს მიღებული.
აღნიშნულის შესახებ „კოვიდ 19“-თან დაკავშირებით თეთრი სახლის კოორდინატორმა ჯეფრი ზიენტსმა განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ძალისხმევით, 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია მიმდინარე წლის 8 ნოემბრიდან სრულად იქნება რეალიზებული იმ პირობით, რომ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) რეკომენდაციას გასცემს მათ აცრაზე.
მანამდე, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინის გამოყენება 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. კომპანია „მოდერნას“ აგრეთვე შეუძლია, მიიღოს FDA-ს ნებართვა ამ ასაკის ბავშვების ვაქცინირებისთვის.