ტერორიზმისა და შეთქმულების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სუს-ის პარალელურად, გამოკითხვები საქალაქო სასამართლოშიც მიმდინარეობს
ტერორიზმისა და შეთქმულების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პარალელურად, გამოკითხვები საქალაქო სასამართლოშიც მიმდინარეობს.
ამ წუთებში მაგისტრი მოსამართლის წინაშე ბექა ჭულუხიძე იკითხება. შესვლამდე მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და ტერორიზმის საქმესთან რაიმე კავშირი უარყო.
დღესვე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კიდევ ერთი მოწმე – ვაჟა ციცილოშვილი გამოიკითხება. ვაჟა ციცილოშვილიც აღნიშნულ საქმესთან შემხებლობას უარყოფს და განმარტავს, რომ უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებსა და ძალოვანი უწყებების ყოფილ თანამშრომლებთან კავშირი არ აქვს.
ტერორიზმისა და შეთქმულების მუხლებით მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებების დაწყებიდან მოწმის სტატუსით 20-ზე მეტი პირი გამოიკითხა. გამოკითხვები, ორ კვირაზე მეტია, გრძელდება და გამოკითხულთა ნაწილმა პროცესი მაგისტრი მოსამართლის წინაშე, საქალაქო სასამართლოში გაიარა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. სუს-ში აცხადებენ, რომ უწყება იძიებს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.