ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სუს-ში ბექა ვარდოსანიძის გამოკითხვა დასრულდა
ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სუს-ში ბექა ვარდოსანიძის გამოკითხვა დასრულდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე ბექა ვარდოსანიძის გამოკითხვა დასრულდა.

როგორც ვარდოსანიძემ ე.წ. მოდულის შენობიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, მას კუთვნილი ტექნიკა ჩამოართვეს.

ვარდოსანიძის თქმით, პირს, რომელმაც მისი ელექტრონული ფოსტიდან მუქარის შემცველი წერილი გაგზავნა, შესაძლოა, პოლიტიკური ანგარიშსწორება სურდეს.

ვარდოსანიძის ადვოკატის, სერგი ხურციძის თქმით, ჯერ ვერ დადგინდა, თუ საიდან იყო ელექტრონული ფოსტა გაგზავნილი. მისივე თქმით, მომავალ საგამოძიებო მოქმედებებშიც ჩაერთვებიან.

გამოძიების ინფორმაციით, ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები ძალოვან უწყებებში, ასევე ტელეკომპანია „იმედში“ გაიგზავნა. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ელექტრონული ფორმით გაგზავნილ წერილებში ავტორად ბექა ვარდოსანიძეა მითითებული, დასახელებულია კონკრეტული ადგილებიც, სადაც, ტექსტების მიხედვით, ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო განთავსებული. სახლისა და ავტოფარეხის ჩხრეკის შემდეგ ვარდოსანიძე მოწმის სტატუსით გამოკითხეს.