ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილის ახლობლებმა დუისში აქცია გამართეს
ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა პანკისის სოფელ დუისში მორიგი აქცია გამართეს.
ბორჩაშვილის ნათესავები და თანასოფლელები საქმის ხელახლა გადახედვას და მის ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითხოვენ. მათ პრემიერ-მინისტრსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქმით დაინტერესება სთხოვეს. ახლობლები ამბობენ, რომ ბორჩაშვილი უდანაშაულოა.
„ამდენი წელია, ჩემი უდანაშაულო შვილი ციხეშია. თვითონაც იციან, რომ უდანაშაულოა და ყველამ კარგად იცის, ბავშვები ვინ სად გადაიყვანა. აიუფას ცხრა შვილი ჰყავს, ავადმყოფი ცოლი. მეც ცუდად ვარ, პატრონი გვჭირდება. ვითხოვთ მის გათავისუფლებას. მივმართავთ პრემიერსა და დიპლომატიურ კორპუსს“, – განაცხადა დაკავებულის დედამ, მარიამ ბორჩაშვილმა.
აიუფ ბორჩაშვილი სამართალდამცველებმა 2015 წლის ივნისში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ბორჩაშვილი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელია საქართველოში და მის სახელს უკავშირდება პანკისიდნ სირიაში ახალგაზრდების, მათ შორის, არასრულწლოვანის საბრძოლველად გამგზავრება.
აიუფ ბორჩაშვილს სასამართლომ 14 წლით პატიმრობა შეუფარდა.