ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულის აიუფ ბორჩაშვილის ახლობლები მის გათავისუფლებას ითხოვენ
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით სამი წლის წინ დაკავებული აიუფ ბორჩაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები ბორჩაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბნენ.
აიუფ ბორჩაშვილის დედა, მარიამ ბორჩაშვილის თქმით, აიუფი ციხეში მხოლოდ იმისთვის ზის, რომ თარხან ბათირაშვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. დედა ტერორისტულ ორგანიზაციებთან შვილის კავშირს გამორიცხავს და აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. სახლში ცხრა მცირეწლოვანი შვილი და ავადმყოფი მეუღლე ელოდება.
აიუფ ბორჩაშვილს პროკურატურა ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების, მათ შორის არასრულწლოვნების გადაბირებაში და შემდეგ სირიაში საბრძოლველად გამგზავრებაში ხელშეწყობას ედავებოდა. იგი ასევე მოაიზრებოდა საქართველოში “ისლამური სახელმწიფოს” წარმომადგენლად.