ტერორისტის ცოლი, რომელსაც ტერაქტის ორგანიზებაში ადანაშაულებდნენ, სასამართლომ გაამართლა
რადიკალი ისლამისტის, ომარ მატენის ცოლს ფლორიდის სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. ნურ სალმანმა გამოძიებასთან ითანამშრომლა.
ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ქმარმა აცნობა, რომ ტერაქტს გეგმავდა, თუმცა მისი სიტყვები ნურ სალმანმა მატენის დეპრესიული განწყობით ახსნა. მისივე თქმით, სალმანს ვერ წარმოედგინა, რომ იგი ამ ნაბიჯს გადადგამდა. ასევე გამოირიცხა ნურ სალმანის მონაწილეობა ტერაქტის ორგანიზებაში.
„ნურ სალმანმა იცოდა, რომ მისი მეუღლე რთული პიროვნება იყო, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა, ტერორისტულ აქტს თუ განახორციელებდა“, – განაცხადა ადვოკატმა ფრიც შელერმა.
2016 წლის 12 ივნისს ორლანდოში მდებარე ღამის კლუბ Pulse-ში 29 წლის ომარ მატენმა ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად, 49 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი დაშავდა.
ომარ მატენი სპეცოპერაციის დროს პოლიციის ოფიცერმა მოკლა. იგი თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს მიმდევარი იყო. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.