თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებულ 10 ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა
თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებულ 10 ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნულ ოჯახებს სახლების გასაღებები გადასცა და ახალმოსახლეობა მიულოცა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ.
„თერჯოლაში დღეს კიდევ ათმა ოჯახმა იზეიმა ახალმოსახლეობა და მათ სრულიად კეთილმოწყობილი სახლები გადაეცათ. ჯამში, ჩვენ შევძელით, თერჯოლაში ამ პროექტის ფარგლებში 29 ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროექტს სხვა მუნიციპალიტეტებიც შეუერთდნენ და წელს, წყალტუბოსა და ტყიბულის თვითმმართველობების გადაწყვეტილებით, სახლები გადაეცათ იმ ოჯახებს, რომელთაც ყველაზე მეტად ჰქონდათ ამის საჭიროება. მომავალ წელს აღნიშნულ პროექტს კიდევ უფრო გავაფართოვებთ და იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებიც შეუერთდებიან“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძე.
პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მცირეფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას ან/და შეძენას, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანების მასშტაბის გამო ექვემდებარება დემონტაჟს. მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი შესაბამისმა კომისიამ შეისწავლა და გადაწყვეტილება დეტალური განხილვის შედეგად მიიღო. მუნიციპალიტეტში უკვე მეხუთე წელია, „სახლდაზიანების პროგრამა“ ხორციელდება, რომლის ფარგლებში, საერთო ჯამში, საცხოვრებელი სახლით 29 ოჯახი არის უზრუნველყოფილი. სოციალური მიმართულებით, ოჯახების გაძლიერების მიზნით აღნიშნული პროგრამა მომავალ წელსაც განხორციელდება.
ინფორმაციას იმერეთის სახემწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.