თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა გოდოგანში ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს
ქუთაისში სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარისა და გოდოგანის მცხოვრებლები სოფელში ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციის შესასვლელი დაახლოებით ნახევარი საათით გადაკეტეს და შენობაში შესვლისა და იქიდან გამოსვლის საშუალებას არავის აძლევენ.
ადგილობრივების თქმით, ბოლოს გამართული აქციის შემდეგ ისინი მთავრობისგან პასუხს ელოდნენ, თუმცა უშედეგოდ.
„დაუსახლებელი ტერიტორიების მეტი რა არის, სოფელში რომ არ ააშენონ. მოვითხოვთ, არ დაიწყონ მშენებლობა, რადგან რამდენიმე ოჯახია დარჩენილი სოფლებში და ისინიც წავლენ. დაუშვებელია იქ ნაგავსაყრელის არსებობა, გარემო დაბინძურდება და ადგილობრივები დაზარალდებიან. არ დავუშვებთ, არ მივცემთ უფლებას დასავლეთ საქართველოს ნაგავი ჩვენთან მოიტანონ. ააშენონ ქარხანა და გადაამუშაონ“, – განაცხადა პირველ არხთან აქციის მონაწილე დალი კვიმსაძემ.
ნაგავსაყრელის მშენებლობა სოფელ გოდოგანში იგეგმება.