თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია - კვახჭირის წყალმომარაგებაში პრობლემების აღმოსაფხვრელად სამუშაოები უკვე მიმდინარეობს
კვახჭირის წყალმომარაგებაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების, ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურისა და მშენებელი კომპანიების მიერ სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, – ამის შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ინფორმაციით, დღეს მერიაში მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა გოგიაშვილმა გამართა შეხვედრა გაერთიანებული წყალმომარაგებისა და მშენებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომელთა მიერ მიმდინარე კვირაში ადგილზე მოხდება წყალმომარაგების სისტემაში ყველა დარჩენილი ხარვეზის დეტალური შესწავლა.
„კვახჭირში წყლის სისტემის მოსაწყობად 2017-2018 წლებში 300 ათასი ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა შპს „ლ და კ“-მ და „ჯორჯიან პლასტიკმა“ აწარმოა და წყალი 520-მა ოჯახმა მიიღო.
მიმდინარე წელს რამდენიმე უბანში მოხდა წყლის მიწოდების შეფერხება, რის გამოც მერიის სამსახურების, ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურისა და მშენებელი კომპანიის მიერ უკვე თვეზე მეტია, მიმდინარეობს პროფილაქტიკური სამუშაოები ხარვეზების დადგენისა და აღმოფხვრის მიზნით.
მიუხედავად სამუშაოების მიმდინარეობისა, დღეს კვახჭირის მოსახლეობის ნაწილმა წყლის მოთხოვნით აქცია გამართა. სწორედ ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ აქცია იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული და ემსახურებოდა მოსახლეობის ერთმანეთთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაპირისპირებას.
ამასთან, აქციას ორგანიზებას უწევდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე. იმისათვის, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არ გახდეს მოსახლეობის სამართლიანი მოთხოვნების პოლიტიკური მიზნებით გამოყენების და საზოგადოებაში დესტაბილიზაციის შეტანის მცდელობის მონაწილე, ვთხოვთ საზოგადოების თავმჯდომარეს შეისწავლოს დღევანდელი აქციის საკითხი.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საკითხის მოგვარებისათვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.