ტერეზა მეიმ გიორგი კვირიკაშვილს სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის შეხვდა.
ტერეზა მეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს თბილისში, 22 ნოემბერს, სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვერდაზე მხარეებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ თანამშრომლობას და აქტიურ ეკონომიკურ ურთიერთობებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებობს ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი. პოზიტიურად შეფასდა ლონდონში ახლახან გამართული “უორდროპის სტრატეგიული დიალოგი”, რომლის ფარგლებში განხილული იყო თანამშრომლობა პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების მიმართულებით.
პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ასევე, ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე.
მთავრობის მეთაურმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.