ტერეზა მეი საფრანგეთის მოსახლეობას და საგანგებო სამსახურებს მხარდაჭერას უცხადებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი საფრანგეთის მოსახლეობას და საგანგებო სამსახურებს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის გამო მხარდაჭერას უცხადებს.
„დღეს ღამით ფიქრებით საფრანგეთის მოსახლეობასთან და საგანგებო სამსახურებთან ვართ, რომლებიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში საშინელ ხანძარს ებრძვიან“, – დაწერა ტერეზა მეიმ „ტვიტერში“.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს უკვე რამდენიმე საათია, 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძვის.
სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, მთელი ძალისხმევა ღვთისმშობლის ტაძრის ჩრდილოეთის კოშკის გადარჩენისკენაა მიმართული.
ცოტა ხნის წინ საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტაძარში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად ყველა ზომას მიმართავენ, გარდა სახანძრო ვერტმფრენებისა, რადგან სახანძრო ვერტმფრენების გამოყენებით დაინგრევა ის კონსტრუქციებიც, რომელთა გადარჩენის შანსი არსებობს.
ბოლო ინფორმაციით, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიკვიებს არ შეხებია.
პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.