თერაპევტთა პროფესიული გაერთიანების წევრები თბილის მერს მიმართავენ
თერაპევტთა პროფესიული გაერთიანების წევრები თბილის მერს მიმართავენ

თერაპევტთა პროფესიული გაერთიანების წევრები თბილის მერს მიმართავენ.

როგორც პროფკავშირებში აცხადებენ, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის დადგენილებით მათი მუშაობის პროცესი შეჩერდა, შესაბამისად ანაზრაურების გარეშე დარჩნენ. საუბარია აუტიზმის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებთან მომუშავე პერსონალზე.

თერაპევტები ითხოვენ, ჩაირიცხოს დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრული თანხა სრულად მთელი იმ პერიოდის, რაც შეწყვეტილია მომსახურეობის მიწოდება, რადგან ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, რთულია წინასწარ განისაზღვროს როდის დასრულდება პანდემია.

თერაპევტებმა დედაქალაქის მერის კახა კალაძის სახელზე წერილი გამოაქვეყნეს.

„მოგმართავთ თერაპევტთა პროფესიული კავშირის სახელით, რომელიც შედგება 307 წევრისგან (ქცევითი თერაპევტები, ენისა და მეტყველების, ოკუპაციური, სპეც პედაგოგები, ხელოვნებისა და ფიზიკური თერაპევტები). ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, „პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2020 წლის პირველ აპრილამდე შეჩერდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი საგანმანათლებლო, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში, ასევე „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის“ სხვადასხვა ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებში. იმის გამო, რომ პრემიერის დადგენილებით და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით სამუშაო პროცესის გაგრძელება რეაბილიტაციისა და აბილიტაციის ცენტრებში იყო საფრთხის შემცველი, როგორც მერიის აუტიზმის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის, ასევე მათი მშობლებისა და მათთან მომუშავე თერაპევტებისთვის, შეჩერდა პროგრამის მიწოდება პირველ აპრილამდე. უცნობია, როდის მოხდება ამ პროცესის აღდგენა. შესაბამისად, მარტის თვეში 500-ზე მეტი სპეციალისტი, რომელთა თვიური ანაზღაურებაც განისაზღვრება შესრულებული სამუშაო საათების მიხედვით, ვრჩებით ანაზღაურების გარეშე გაურკვეველი ვადით. ამიტომ თერაპევტთა სახელით ვითხოვთ:

ჩაირიცხოს დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრული თანხა სრულად მთელი იმ პერიოდის, რაც შეწყვეტილია მომსახურეობის მიწოდება, რადგან ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო რთულია წინასწარ განვსაზღვროთ, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პანდემია, ამიტომ ჩვენ მიზანშეწონილად ვთვლით, შეიქმნას კომისია, რომელშიც შევა მერიის, ბენეფიციარის მშობლების, ორგანიზაციებისა და თერაპევტთა პროფკავშირების წარმომადგენლები, რომლებიც იმსჯელებენ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალზე.

ჩვენი ფინანსური კეთილდღეობა აბსოლუტურად და პირდაპირ არის მიბმული თქვენს გადაწყვეტილებაზე. თუ თქვენს მიერ მიღებული არ იქნება დროული და ეფექტური გადაწყვეტილება, პანდემიის დროს ჩვენი დატოვება საარსებო მინიმუმის გარეშე, გამოიწვევს პროფესიული საქმიანობის გაგრძელების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას.

როგორც ვიცით, საგანმანათლებლო და სკოლამდელ დაწესებულებებში მომსახურე პერსონალი, ანაზღაურებას იღებს შეჩერებული სამუშაო პროცესის მიუხედავად, რაც ცხადია სამართლიანია. ასევე, ჩვენ ველოდებით თქვენი მხრიდან პასუხისმგებლობის აღებას ჩვენს გადარჩენაზეც და პროგრამაში კვალიფიციური კადრების შენარჩუნებაზე. ამ საკითხის უგულვებელყოფა კი პირდაპირ უქმნის საფრთხეს პროგრამის არსებობას“, – აღნიშნულია წერილში.