ტექდათვალიერების ამოქმედებიდან დღემდე, ტექნიკური ინსპექტირების წესების დარღვევისთვის 4 700 სატრანსპორტო საშუალება დაჯარიმდა
ტექდათვალიერების ამოქმედებიდან დღემდე, ტექნიკური ინსპექტირების წესების დარღვევისთვის 4 700 სატრანსპორტო საშუალება დაჯარიმდა

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედებიდან დღემდე, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების წესების დარღვევისთვის 4 700 სატრანსპორტო საშუალება დაჯარიმდა, –  ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან  მიაწოდეს.

უწყების ცნობით, კერძო პირებზე სანქცია 50 ლარია, იურიდიული პირისთვის კი, 200 ლარი.

„4 700 სამართალდარღვევა დაფიქსირდა, რაც გულისხმობს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვას, რომელსაც დადგენილი წესით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ ჰქონდა გავლილი. ამაში შედის ყველა კატეგორიის ავტომობილი, რომლისთვისაც ტექნიკური ინსპექტირების გავლა სავალდებულოა. ეს მონაცემი მოიცავს ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედებიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდს“, – განუცხადა პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსმა,  ბექა ლილუაშვილმა.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება. პირველ ეტაპზე, ტექდათვალიერება სავალდებულო იყო სამგზავრო (8 ადგილზე მეტი) და სატვირთო (3,5 ტონის ზემოთ) ავტომობილებისთვის. პირველი ივლისიდან  ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი დაიწყო. შემოწმებას დაექვემდებარა სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

მიმდინარე წლის ოქტომბრიდან კი, სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას დაექვემდებარება დიდი მოცულობის 3.0 და მეტი ძრავის მქონე ავტომობილები.

საქართველოში რეგისტრირებული მთლიანი ავტოპარკის ტექნიკური ინსპექტირების პროცესი 2019 წლის ბოლოს დასრულდება.