შემთხვევით არც მოძალადე ყალიბდება და არც მსხვერპლი, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა, თეონა ლომთაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ამაზე, გარდა სამედიცინო ფსიქო-ემოციური მიზეზებისა, საზოგადოების ზეგავლენასაც ძალზედ მნიშვნელოვანი როლი აქვს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ საზოგადოებაში არის დიდი არასტაბილურობის შეგრძნება, რაც გაურკვევლობის განცდას აძლიერებს და თვითშეფასებაზე კარგად არ აისახება, ხოლო თვითშეფასების დეფიციტი და საკუთარი თავით უკმაყოფილება აგრესიის რომელ ფორმას გამოიწვევს, ეს უკვე ადამიანზე და იმ გარემოზეა დამოკიდებული, რომელშიც ის ცხოვრობს. ამ რისკის წინაშე მეტ-ნაკლებად, ყველა ვდგავართ, ბავშვობის ასაკიდან დაწყებული, ზრდასრული ასაკით დამთავრებული და სხვათა შორის, ნებისმიერ პროფესიაში“, – განაცხადა ლომთაძემ.
მისი თქმით, როცა პრობლემა არსებობს, ხშირ შემთხვევაში, არის ტენდენცია, როცა მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ, რათა პრობლემის არსი ამით გადაიფაროს.
„მე მაგალითად, ბულინგის შემთხვევებთან მუშაობისას ასეთს ხშირად წავწყდომივარ, როდესაც მშობელი მასწავლებელს აბრალებს, მასწავლებელი მშობელს, ფსიქოლოგისგან ყველა ჯადოსნურ ჯოხს ელის, ხოლო ფსიქიატრთან მისვლა მართალია, ახლა აღარ არის პრობლემა, მაგრამ ზოგჯერ, გარკვეულ სტიგმასთან კიდევ გვაქვს ხოლმე შეხება“, – განაცხადა ლომთაძემ.
როგორც ფსიქოლოგმა აღნიშნა, მას ჰქონია შემთხვევა, როცა მასწავლებელს უჭირს, არსს ჩაუღრმავდეს, რადგან მას ფურცლების დონეზე ძალიან ბევრი რამ აქვს შესავსები და ასევე ჰქონია შემთხვევა, როცა მშობელს ფიზიკურად არ აქვს ემოციური მდგომარეობა იმდენად სტაბილური, რომ შვილის აღზრდაში ჩაერთოს და ფსიქიატრის, ფსიქოლოგის თუ სოციალური მუშაკის პროფესიული რეკომენდაცია გაითვალისწინოს.
ფსიქოლოგის თქმით, მას პრაქტიკაში ასევე ჰქონია გენდერული დისბალანსის შემთხვევა, მაგრამ ხშირად, ასეთი თემების სახელდება ხდება და არა მისი სიღრმისეულად გაანალიზება.
„ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მინდა თუ არ მინდა, ჩავყვები. უფრო სიღრმიდან ბევრი ისეთი თემა ჩანს, რასაც ხშირად, სულაც არ სჭირდება ძალიან დიდი დისკუსია და უფრო მეტად, ინდივიდუალურ დონეზე ემპათიური მიდგომა და გაგება ესაჭიროება, იქნება ეს მშობელი, ბავშვი თუ ზრდასრული, რადგან მსხვერპლიც შესაძლოა, ყველა ვიყოთ. სხვათა შორის, ზოგჯერ, შესაძლოა, უნებლიედ, გაუცნობიერებლად, მობულინგეს როლშიც კი აღმოვჩნდეთ. არც ამისგან ვართ დაზღვეული“, – განაცხადა ლომთაძემ.