თეონა ხუბულავა - დღეს არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ მედიას წარმოადგენს, ვართ ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები, ვართ ერთად, რათა ადამიანებს პროფესიული მოვალეობის შესრულების არ ეშინოდეთ
დღეს არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ მედიასაშუალებას წარმოადგენს, ვის რა ლოგო აქვს, ვართ ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები, ვართ ერთად, რათა ადამიანებს საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების არ ეშინოდეთ“, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა თეონა ხუბულავამ მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა, სადაც მედიის წარმომადგენლები ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით აქციას მართავენ.
„ჩვენ – მედიის წარმომადგენლები დღეს შევიკრიბეთ მთავრობის ადმინისტრაციასთან. გვინდოდა, დამოუკიდებლად და ჩვენ მიერ დაორგანიზებული ყოფილიყო ეს აქცია, რათა ჩვენი ხმა ისმოდეს. დღეს არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ მედიასაშუალებას, რომელ სააგენტოს წარმოადგენს, ვის რა ლოგო აქვს. დღეს აქ ვართ ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები, ვართ ერთად, რათა ადამიანებს საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების არ ეშინოდეთ“, – განაცხადა თეონა ხუბულავამ.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.