თეონა აქუბარდია - ყველაზე მძიმეა, რომ „ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, არც ერთ პოტენციურ ინვესტორს საქართველოში ამ სახის ინვესტიციის განხორციელება არ მოუნდება
თეონა აქუბარდია - ყველაზე მძიმეა, რომ „ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, არც ერთ პოტენციურ ინვესტორს საქართველოში ამ სახის ინვესტიციის განხორციელება არ მოუნდება

ხელისუფლებამ ქვეყნის ინტერესებით არ იხელმძღვანელა, როცა „ენკასთან“ კონტრაქტი გააფორმა, ყველაზე მძიმეა, რომ არც ერთ პოტენციურ ინვესტორს საქართველოში ამ სახის ინვესტიციის განხორციელება არ მოუნდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თითოეულ მოქალაქეს მოუწევს კომპენსაციის სახით თანხის გადახდა მას შემდეგ, რაც საარბიტრაჟო დავა დასრულდება.

„ენკასთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე მრავალი მწვავე კითხვა არსებობდა, მაგრამ მოსახლეობასთან არსებული არასწორი კომუნიკაცია საკმაოდ ძვირი დაჯდა, რადგან ქვეყანა კარგავს არა მხოლოდ 800 მილიონიან ინვესტიციას, არამედ პოტენციური ინვესტორების შემოსვლის შესაძლებლობას. კომპენსაციის სახით თანხის გადახდა თითოეულ მოქალაქეს მოგვიწევს მას შემდეგ, რაც საარბიტრაჟო დავა დასრულდება. ყველაზე მძიმე არის ის, რომ არც ერთ პოტენციურ ინვესტორს საქართველოში ამ სახის ინვესტიციის განხორციელება არ მოუნდება.

ხელისუფლებამ ქვეყნის ინტერესებით არ იხელმძღვანელა და უფრო მეტიც, მას პირადი ინტერესები ჰქონდა, როცა „ენკასთან“ ისეთი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც კაბალურია სახელმწიფოსთვის. კომპანია იყო მოგებული, ხოლო ქვეყანა – წაგებული. ეს ვითარება პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელსაც „ნამახვანჰესი“ უნდა აეშენებინა, საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენი კომპანიის შვილობილმა, ENKA Renewables-მა საქართველოს სახელმწიფოსთან 2019 წლის 25 აპრილს ხელი მოაწერა ნამახვანის კასკადის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარების, მშენებლობის, მართვისა და ექსპლუატაციის შეთანხმებას, რომელიც უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს. კომპანია ატყობინებს საქართველოს სახელმწიფოს ამ შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულების დარღვევისა და ფორსმაჟორის გამო“, – აღნიშნულია კომპანია „ენკას“ განცხადებაში.

ამასთან, კომპანია „ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ „აუცილებლად გააგრძელებენ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის“.

ამასთან, უწყებაში განმარტავენ, რომ მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტი, ასევე ზოგადად ნებისმიერი ინვესტორის ინტერესი.