თეონა აქუბარდია - ყველას გელოდებით რუსთაველზე, გავაგონოთ ხმა „ქართულ ოცნებას“ ისე, როგორც ეს გავაკეთეთ შარშან
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ანა ნაცვლიშვილმა, თამარ კორძაიამ და თეონა აქუბარდიამ, მას შემდეგ, რაც თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი იურიდიულ სხდომათა კომიტეტის სხდომიდან გააძევეს, ბრიფინგი გამართეს.
როგორც დეპუტატებმა განაცხადეს, მმართველ პარტიას ეშინია კრიტიკული შეკითხვების.
„ამ წუთებში რაც ხდება კომიტეტზე, ეს არის მოღალატე, უსამშობლო პოლიტიკური გუნდის ჩატარებული ფარსი, რადგან როდესაც ვეუბნებით, რომ ათასობით, ათიათასობით მოქალაქე დგას რუსთაველის წინ, იმათ დაელაპარაკეთ, თუ მაგრები ხართ-თქო, გვაძევებენ დარბაზიდან. კომფორტულია დარბაზში სამ თუ ოთხ არასამთავრობო ორგანიზაციას რომ შემოუშვებ მარტო და მოღალატეებს ეძახი“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს არცერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ და არ ჰყოფნით გამბედაობა, ხალხს დაელაპარაკონ.
„აგენტის კანონს გამჭვირვალობის კანონს რომ დაარქმევს მდინარაძე, ვინმე ამ ტყუილს შეჭამს? დაიჯერებს? ეს არის კანონი იმის შესახებ, როგორ უნდა ჩამოაფარონ ამ ქვეყანას დიდი და სქელი ფარდა, მტრად გამოაცხადონ ჩვენი დასავლელი მეგობრები და პარტნიორები, საქართველო სამუდამოდ დააბრუნონ და მიაჯაჭვონ რუსეთს. არცერთ საკითხზე მათ პასუხი არ აქვთ. არცერთს ჰყოფნის გამბედაობა, რომ გავიდეს და ხალხს, საკუთარ მოქალაქეებს ესაუბროს“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ყველა უნდა გავიდეს რუსთაველზე, რათა „ქართულმა ოცნებამ“ მათი ხმა გაიგოს.
„მთელი ეს ფარსი, რაც მათ აქ დადგეს, კიდევ ერთი ჩვენებაა, რომ მათ ეშინიათ კრიტიკული მედიის, რომელსაც დღეს კარი აუჭედეს, არ შემოუშვეს პარლამენტში. მათ ეშინიათ დეპუტატების კრიტიკული კითხვების, რომლებიც გამოყარეს, ეშინიათ ხალხის, რომლითაც სავსეა რუსთაველი და რომლებთანაც დიდი გული აქვთ მხოლოდ დახურული დარბაზებიდან. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ისინი კრემლის დავალებას ასრულებენ საქართველოს პარლამენტში. ამას სჭირდება პასუხი არა მხოლოდ დეპუტატებისგან, ოპოზიციისგან, არამედ ქართველი ხალხისგან, რომლის არჩევანია ევროპა და რომელმაც იბრძოლა არაერთ ომში იმისთვის, რომ საქართველოს სუვერენული არჩევანი ყოფილიყო ხალხის გადასაწყვეტი და არა კრემლის კანონი, როგორც ამას რუსეთი აკეთებს დღეს „ქართული ოცნების“ ხელით. ამიტომ ყველას გელოდებით რუსთაველზე, გავაგონოთ ხმა „ქართულ ოცნებას“ ისე, როგორც ეს გავაკეთეთ შარშან“, – განაცხადა აქუბარდიამ.