თეონა აქუბარდია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ხალხის მონაპოვარი და განვამტკიცოთ ის, რომ ევროკავშირი აუცილებლად კიდევ უფრო აქტიურად დაეხმარება საქართველოს
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ხალხის მონაპოვარი და განვამტკიცოთ ის, რომ ევროკავშირი აუცილებლად კიდევ უფრო აქტიურად დაეხმარება საქართველოს სტრატეგიული მიმართულებებით, რომ ხალხმა შეძლოს თავისი არჩევანის გამტკიცება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე გამოიკვეთა ხალხის და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნა.
„სამი მთავარი გზავნილი მივიღეთ გუშინდელი დებატებისგან. ერთი ის, რომ საქართველოს ხელისუფლება და მმართველი პარტია რუსული კანონის ინიცირებით აშორებს საქართველოს ევროპულ გზას, ისევე როგორც განცხადებებით, რომელიც არის მეორე ფრონტთან დაკავშირებით და ასეთი ევროპა არ გვინდა. თუმცა, ამ შემთხვევაში გამოიკვეთა ხალხის და ხელისუფლების გამიჯვნა ერთმანეთისგან. ხალხი, რომელიც ითხოვს რეკომენდაციების შესრულებას, ითხოვს კანდიდატის სტატუსს და ხელისუფლება, რომელიც წინაღობას ქმნის ამასთან მიმართებაში; მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე 12 რეკომენდაციის შესრულება, სადაც ჯერ კიდევ არსებობს იმედი ხელისუფლების მხრიდან ამ რეკომენდაციის შესრულების მოწოდების, რომ ყველამ უნდა იმუშაოს ამაზე; მესამე, ამ აქციამ კიდევ ერთხელ შესაძლებლობა მისცა საქართველოს, რომ ხალხის არჩევანის ჩვენება არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, არამედ დასავლეთისთვის მომხდარიყო. ამ შემთხვევაში ეს ქალი ევროკავშირის დროშით არის მთავარი სიმბოლო და ამას ვერ გადაწონის ვერანაირი პრორუსული ძალების მხრიდან დროშის დაწვა. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ხალხის მონაპოვარი და განვამტკიცოთ ის, რომ ევროკავშირი აუცილებლად კიდევ უფრო აქტიურად დაეხმარება საქართველოს სტრატეგიული მიმართულებებით, რომ ხალხმა შეძლოს თავისი არჩევანის გამტკიცება“, – განაცხადა აქუბარდიამ.