თეონა აქუბარდია - ვილნიუსის ნატო-ს სამიტზე საქართველოს არაფერი მიუღია, გარდა ჩანაწერისა, რაც აქამდეც ჰქონდა და გარდა კრიტიკისა, რომელიც ქვეყანამ რეფორმების კუთხით მიიღო
ვილნიუსის ნატო-ს ისტორიულ სამიტზე საქართველოს არც არაფერი არ მიუღია, გარდა იმ ჩანაწერისა, რაც აქამდეც ჰქონდა; გარდა იმ კრიტიკისა, რომელიც დემოკრატიული რეფორმების კუთხით ქვეყანამ მიიღო „ქართული ოცნების“ პოლიტიკის დამსახურებით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკის კრახის გამოვლინება.
„2016 წლის ნატო-ს ვარშავის სამიტის ტექსტს თუ შევადარებთ, არის რეგრესი. ვარშავის სამიტზე საქართველომ მიიღო ჩანაწერი, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი ნატო-ში წევრობისთვის, შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივაში ჩაერთო და იმავდროულად, საქართველოს არსებითი პაკეტი და დემოკრატიული რეფორმების პროგრესი იყო ხაზგასმული. იმ მოცემულობაში, როდესაც პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი არის განპირობებული უკრაინის წინაააღმდეგ ომით, შეგიძლიათ ნახოთ 81-ე პრეამბულაში ჩანაწერი მოლდოვის შესახებ, რომელიც ნეიტრალური ქვეყანაა, არ ისწრაფვის ნატო-ში წევრობისკენ და როგორ არის მისალმება მოლდოვის მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების მიმართ, როგორ ესალმებიან მოლდოვის ევროპულ გზას. საქართველოს შემთხვევაში ასე არ არის. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკის კიდევ ერთი კრახის გამოვლინება და იმ მოსახლეობის ნების წინააღმდეგ სვლა, რომლის 80% მხარს უჭერს ნატო-ში წევრობას. ილუზია არავის ჰქონდა, რომ უკრაინა გახდებოდა ნატო-ს წევრი ამ სამიტზე, თუმცა უკრაინამ დაიმოკლა გზა ნატო-ში წევრობისკენ, ერთი მხრივ, MAP-ის ამოღებით, მეორე მხრივ, კომუნიკეში ჩაწერილია, რომ ნატო-ს წევრობისთვის უკრაინას მიწვევა გადაეცემა მას შემდეგ, რაც რეფორმები იქნება განხორციელებული, დასრულდება ომი და ლიდერები შეთანხმდებიან. ეს მნიშვნელოვნი წინსვლაა უკრაინისთვის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ MAP-ის ამოღება, შესაბამისად, გზის შემოკლება საქართველოსთვის, ანალოგიურად, უკრაინასთან ერთად ყოფილიყო“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.