თეონა აქუბარდია - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აქტიურად უნდა მუშაობდეს გაზრდილი საფრთხეების შეფასებაზე, დღეს სხდომაზე მისგან ჩვეულებრივი სადღეგრძელო მოვისმინეთ
„ქართული ოცნება“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ეროვნულ ინტერესს დღითი დღე აუარესებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აქტიურად უნდა მუშაობდეს გაზრდილი საფრთხეების შეფასებაზე.
„ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო ფლოტის მუდმივი ბაზირება საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ქვეყნის გაცხადებულ ეროვნულ ინტერესებს. ხელისუფლების უარი იმის თაობაზე, რომ ეს ყველაფერი ერთად დავგმოთ და პარტნიორ ქვეყნებს საქართველოს გვერდით დგომისკენ მოვუწოდოთ, კიდევ ერთ ლუსტრაციას წარმოადგენს, თუ რამხელა გავლენა აქვს რუსეთს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. მაშინ, როდესაც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აქტიურად უნდა მუშაობდეს გაზრდილი საფრთხეების შეფასებაზე, დღეს მისგან ჩვეულებრივი სადღეგრძელო მოვისმინეთ, რასაც აკლდა მხოლოდ ყანწი. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის სავარძელი აბსოლუტურად არათავსებადი იყო ფრაზებთან, რაც მისგან კომიტეტის სხდომაზე მოვისმინეთ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.