თეონა აქუბარდია - სუს-ის ანგარიშში ყველაზე შემაშფოთებელია პოლიტიზაციის ნაწილი, ჭორები, რომლებსაც აანონსებს და გამოძიება არასდროს სრულდება
თეონა აქუბარდია - სუს-ის ანგარიშში ყველაზე შემაშფოთებელია პოლიტიზაციის ნაწილი, ჭორები, რომლებსაც აანონსებს და გამოძიება არასდროს სრულდება

სუს-ის ანგარიშში ყველაზე შემაშფოთებელია მისი პოლიტიზაციის ნაწილი, ჭორები, რომლებსაც აანონსებს და გამოძიება არასოდეს სრულდება. ეს ხელისუფლების ხელში კიდევ ერთი ბერკეტია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

თეონა აქუბარდიამ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიში შეაფასა.

„სუს-ის გასული წლის ანგარიშში როდესაც საუბარია რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ უსაფრთხოების ვითარებაზე, ანექსიურ ნაბიჯებზე, ნათლად ჩანს, როგორ ძლიერდება რუსი ოკუპანტი ძალის მოქმედებები საქართველოს გაცხადებული ინტერესების წინააღმდეგ. ბიჭვინთის აგარაკების ანექსიის ფაქტად შეფასება იქნება თუ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი სამხედრო ფლოტის განთავსების გადაწყვეტილება, სოხუმის აეროპორტის უკანონოდ გადაცემა – ეს არის საკითხები, რაზეც პარლამენტში რეზოლუციებს ვაინიცირებდი და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგობის გამო მისი განხილვაც კი არ მოხდა.

მოცემულობაში, როდესაც, ერთი მხრივ, გაძლიერებულია არა მხოლოდ მცოცავი ოკუპაცია, არამედ ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, რასაც სუს-ი ადეკვატურად აფასებს და პარლამენტში „ქართული ოცნება“ ჩემი და ჩემი კოლეგების მხრიდან რეზოლუციების პროექტებს ეწინააღმდეგება, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცების საკითხს არ ემსახურება. ასევე, ხაზგასმით გამოვყოფდი კამპანიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში არის დაწყებული იქ მყოფი დონორი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რასაც აფხაზური საზოგადოება დღემდე ეწინააღმდეგება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ოფიციალურ თბილისში, საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ მხრიდან დაწყებული კანონის მოქმედება, ისევე როგორც რიტორიკა დონორების, დასავლეთისა და არასამთავრო ორგანიზაციების წინააღმდეგ, გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს, რასაც სუს-ი ხაზგასმით აღწერს თავის ანგარიშში.

რუსული გავლენები გაზრდილია არა მხოლოდ ოკუპირებულ აფხაზეთში, არამედ, მათ შორის, თბილისში, რომელიც თითქოს სუვერენიტეტის დაცვის გზაზეა, მაგრამ ამის საწინააღმდეგო მოცემულობას ვხედავთ. ამ ანგარიშში ყველაზე შემაშფოთებელია მისი პოლიტიზაციის ნაწილი. ეს არის სუს-ის პოლიტიზაციის მცდელობა, გამოძიებები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გადატრიალებების ნაწილში, არ არის დასრულებული. მათ შორის, სუს-ი არაფერს აღარ საუბრობს ე.წ. კრეფსებზე. ჭორები, რომლებსაც სუს-ი აანონსებს გამოძიების კუთხით და არასოდეს სრულდება, ხელისუფლების ხელში კიდევ ერთი ბერკეტი და იარაღია. უკვე შემოიტანეს კანონები, რომლებიც საქართველოს გაცხადებულ ინტერესებს არ შეესაბამება და აძლიერებს კრემლის გავლენებს. როდესაც საუბარია უცხო ქვეყნის ინტერესებზე, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანებაზე, მაინტერესებს პასუხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისგან, დასავლეთი აკეთებს აქ იმას, რომ გაუარესდეს ჩვენი ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორებთან თუ ეს არის რუსეთი, და რატომ ვერ არქმევს მტერს სახელს, როდესაც საუბარია რუსეთის ჰიბრიდულ ომზე“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.