თეონა აქუბარდია - საქართველოს და მოლდოვას აქვთ საერთო ინტერესი და გზა, რომელიც ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას გულისხმობს, ჩვენ მხარს უნდა ვუჭერდეთ მოლდოვას
თეონა აქუბარდია - საქართველოს და მოლდოვას აქვთ საერთო ინტერესი და გზა, რომელიც ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას გულისხმობს, ჩვენ მხარს უნდა ვუჭერდეთ მოლდოვას

საქართველოს და მოლდოვას აქვთ საერთო ინტერესი და გზა, რომელიც ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას გულისხმობს. ჩვენ მხარს უნდა ვუჭერდეთ მოლდოვას, რამდენადაც ერთად ვიყავით ასოცირებული ტრიოს ქვეყნები, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველო და მოლდოვა ერთად გახდნენ ევროკავშირის წევრები.

„ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივია ის აღტაცება და სიხარული, რომელიც „ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდან მოლდოვის რეფერენდუმთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმდინარეობს მაშინ, როდესაც არასრული შედეგებია და თუნდაც 98-პროცენტიანი ხმების დათვლის შედეგად, წინასწარი შედეგებით, ამ რეფერენდუმში ევროკავშირზე ნათქვამი არის – კი. შესაბამისად, როდესაც დადასტურებულია რუსეთის ჩარევა მოლდოვის არჩევნებში, როდესაც რუსული ფული არის დადასტურებული და შესაბამისი სამსახურები ღიად საუბრობენ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ თანხვედრას, რომელსაც ივანიშვილის „ოცნება“ იზიარებს ოკუპანტ სახელმწიფოსთან ერთად. საქართველოს, ისევე როგორც მოლდოვას, აქვს საერთო ინტერესი და გზა, რომელიც ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას გულისხმობს. ჩვენ მხარს უნდა ვუჭერდეთ მოლდოვას, რამდენადაც ჩვენ ვიყავით ერთად ასოცირებული ტრიოს ქვეყნები. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში, მათ შორის, დავეწიოთ მოლდოვას და ერთად გავხდეთ ევროკავშირის წევრები“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, -„საქართველოში უფრო ფართომასშტაბიანი აქციებია ევროპის მოთხოვნით, მოლდოვაში კი – არა, რაზე მიუთითებს ეს?“ – თეონა აქუბარდიამ აღნიშნა: „განსხვავებით საქართველოსგან, მოლდოვას ჰყავს პროდასავლელი ხელისუფლება და პრეზიდენტი. ამიტომ მაშინ, როდესაც პროდასავლელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი წინ წაიყვანოს და მოლაპარაკებების დაწყებაც ამის დასტურია, როდესაც რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ღიად ჩაერიოს არჩევნებში, მათ შორის, შავი ფულის დარიგებით, რათა მოლდოვის ევროპული გზა შეაფერხოს, მაშინ, როდესაც საქართველოში გვყავს ის ოლიგარქი, რომელიც საქართველოს ევროპულ გზას კეტავს და ეს აღიარებულია ევროკავშირის 27 ქვეყნის მხრიდან, რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში სრულად განსხვავებული ვითარებაა“.

მოლდოვის საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ბიულეტენების 98 პროცენტის დათვლის შემდეგ 50,03 პროცენტი ევროინტეგრაციის მომხრეა, ხოლო 49,97 პროცენტი – წინააღმდეგი.