თეონა აქუბარდია - საკუთარ თავზე ვარ პასუხისმგებელი, დიახ, მინდა კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების“ პირობებში, რადგან წლის ბოლომდეა ამის შესაძლებლობა და ეს იქნება ხალხის დაკვეთის შესრულება
თეონა აქუბარდია - საკუთარ თავზე ვარ პასუხისმგებელი, დიახ, მინდა კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების“ პირობებში, რადგან წლის ბოლომდეა ამის შესაძლებლობა და ეს იქნება ხალხის დაკვეთის შესრულება

მე საკუთარ თავზე ვარ პასუხისმგებელი და გეტყვით, რომ, დიახ, მინდა კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების“ პირობებში, რადგან წლის ბოლომდეა საქართველოში ამის შესაძლებლობა და ეს არა – „ქართული ოცნების“, არამედ ხალხის დაკვეთის შესრულება იქნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით თეონა აქუბარდია გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც ხაზარაძე აღნიშნავს: „ვიღაცების პოზიციაა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა იქნას მიღებული კანდიდატობა, რასაც მე და ჩემი პარტია კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით“.

თეონა აქუბარდიას თქმით, არ იცის, მამუკა ხაზარაძემ ვინ იგულისხმა და სჯობს, ეს ხაზარაძემ თქვას.

„ევროინტეგრაციის კომიტეტის თუ თავდაცვის კომიტეტის ფარგლებში სადაც ვყოფილვარ, ყოველთვის ყველგან ვითხოვ კანდიდატის სტატუსის მიღებას, ისევე როგორც 12 რეკომენდაციის შესრულებას, რომლის გარეშეც ეს არ მოხდება. ამაზე ღიად გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორები. შესაბამისად, ეს არის დღეს. „ქართული ოცნება“ ცდილობს, ბრალი გადაიტანოს ოპოზიციაზე, დღემდე ლაპარაკობს რაღაც გამოგონილ სამუშაო ჯგუფებში არმონაწილეობაზე, როდესაც საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე ჩვენი მხარდაჭერა აქვს იმ პროექტებს, რომლებიც რეკომენდაციის შესრულებასთან შესაბამისობაში იყო. ამ ვითარებაში ხალხის დაკვეთას რომელი პოლიტიკური ძალაც არ შეასრულებს, ვფიქრობ, ხალხი გამოიტანს განაჩენს შემდეგ უკვე არჩევნებზე“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

თეონა აქუბარდია აღნიშნავს, რომ თავად მუშაობს პარლამენტში ქვეყნისთვის აუცილებელ რეკომენდაციებზე და თუ ვინმე ამ სივრცეში არ არის, მათ მიმართ უნდა დაისვას კითხვა, რით არის ეს განპირობებული.

„ძალიან ბევრი კონსპირაციაა, „ქართულმა ოცნებამ“, ტაქტიკური უკანდახევის მიუხედავად, აგენტების სულისკვეთება გააგრძელა და ჯაშუშებს ეძახის ჩემს კოლეგებს. მე ვმუშაობ პარლამენტში იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც ქვეყნისთვის და ხალხისთვის არის აუცილებელი და თუ ვინმე ამ სივრცეში არ არის, მათ უნდა ჰკითხოთ, ეს რით არის განპირობებული“, – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.