თეონა აქუბარდია - რუსეთის მიერ საქართველოს ტერორიზმში დადანაშაულებას და ბოდვას, რომელიც ვერსიად გაასაღა ყირიმის ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებით, აუცილებლად სჭირდება პასუხი
რუსეთის მხრიდან საქართველოს დადანაშაულება ტერორიზმში და ის ბოდვა, რომელიც ვერსიად გაასაღა რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებით, აუცილებლად საპასუხოა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
აქუბარდიას თქმით, ხელისუფლებას სულ მცირე, შეიძლებოდა ეთქვა, რომ ჩვენი საზღვარი კონტროლდება დასავლეთის მიერ აღჭურვილი შესაბამისი აპარატურით.
„რუსეთის მხრიდან საქართველოს დადანაშაულება ტერორიზმში და ის ბოდვა, რომელიც ვერსიად გაასაღა რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებით, აუცილებლად საპასუხოა, რამდენადაც ერთი მხრივ, ბოდვას დავარქმევდი, საქართველოს გარევა არის კიდევ ერთი მცდელობა, წარმოეჩინა საქართველო, რომელსაც ტვირთების კონტროლი არ აქვს შესაბამის ხარისხში, ამასთან, წარმოაჩინონ ბრიტანულ კვალში საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც წარმოაჩინონ საქართველო, როგორც პრობლემური სახელმწიფო და ამ ვითარებაში, ვფიქრობ, შეერთებული შტატების ელჩის განცხადება ბევრად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ოფიციალური თბილისის. სულ მცირე, ის მაინც შეიძლებოდა, ეთქვა ხელისუფლებას, რომ ჩვენი საზღვარი კონტროლდება დასავლეთის მიერ აღჭურვილი შესაბამისი აპარატურით და გამორიცხულია, რომ რადიაქტიული, თუ აფეთქებადი ნივთიერებების გატანა მოხდეს უკონტროლოდ, რაც სამწუხაროა და როდესაც აქამდე არ ყოფილა ხელისუფლების მხრიდან რეაქცია, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რომ უსაფრთხოების სისტემა მოშლილია, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი თავის ფუნქციას არ ახორციელებს და სტრატეგიულ კომუნიკაციაში რუსეთთან ჩვენ კვლავ ვაგებთ, ვინაიდან არანაირი სტრატეგიული კომუნიკაცია არ არსებობს ამასთან მიმართებაში. მიმაჩნია, რომ განცხადება აუცილებლად იყო გასაკეთებელი არა დღეს, არამედ მათ შორის ორი დღის წინ, როცა ეს თემა წამოიწია, თუ გავითვალისწინებთ ბულგარეთის მიერ გამოძიების დაწყებას. ჩვენ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით უნდა ხდებოდეს შესაბამისი სტრატეგიული კომუნიკაცია რუსეთის იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.