თეონა აქუბარდია - როგორც ცნობილია, იგეგმება ბიჭვინთის ანექსიის პროცესის დასრულება, ამ მოცემულობაში ჩვენ არცერთი განცხადება არ მოგვისმენია საქართველოს მთავრობის მხრიდან
როგორც ცნობილია, დიდი დროის პროცესის და აფხაზური საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთის სხვადასხვა ტიპის ზეწოლის და შანტაჟის შედეგად იგეგმება 28 დეკემებერს ბიჭვინთის ანექსიის პროცესის დასრულება, ამ მოცემულობაში ჩვენ არცერთი განცხადება არ მოგვისმენია საქართველოს მთავრობის მხრიდან, რაც სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართვალოს მთავრობა აღნიშნულ საკითხზე კვლავ დუმილს ამჯობინებს.
„2022 წლის ივლისიდან მოყოლებული, მაშინ როდესაც ყველამ ჩვენ ერთად გავიგეთ, რომ ხელი მოეწერა ე.წ შეთანხმებას, რაც ბიჭვინთის ანექსიის ფაქტად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა, ის იყო ერთადერთი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც ამ საკითხს ამ ფორმით გამოეხმაურა. საქართველოს მთავრობას სიტყვა არ დასცდენია, შვიდი თვის თავზე ინტერპელაციის შედეგად, მე შევძელი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს ამ უკანონო ხელშეკრულებაზე ეთქვა, რომ ის არის უკანონო და ამ ფორმით გამოხმაურებოდა შვიდი თვის თავზე ბიჭვინთის ანექსიის პროცესს, რომლის დასრულებაც წინასაახალწლოდ იგეგმება, რაც არის მიჩნეული ვლადიმერ პუტინის ძღვენად და ხარკად აფხაზური საზოგადოების მიერ. როდესაც ჩვენ ყველას ერთად, როგორც აფხაზურ საზოგადოებას, ასევე საქართველოს სხვა მოქალაქეებს და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს გვაქვს ერთიანი ინტერესი, რომ არ დავუშვათ ანექსიური პროცესების გაგრძელება ოკუპირებულ აფხაზეთში, ამ მოცემულობაში მე მაქვს კითხვა, რატომ დუმს საქართველოს მთავრობა, რატომ დუმან ის „ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომლებიც ტაშით ეგებებოდნენ რუსეთთან პირდაპირი ფრენის გახსნას, ამას ხსნიდნენ საქართველოს მოქალაქეების ინტერესის ჭრილში. დღეს მე მაინტერესებს მათი პასუხი, სად არის იმ მოქალაქეების ინტერესი, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ აფხაზეთში, სად არის საქართველოს გაცხადებული ეროვნული ინტერესი, რომ ჩვენ ერთიანად, მშვიდობიანად ვიცხოვროთ ერთ სახელმწიფოში და ამ მოცემულობაში სად დგას „ქართული ოცნება“, საქართველოს მთავრობა, მაშინ როდესაც გარდაუვლად ველოდებით და ვუყურებთ, როგორ მოახდენს რუსეთი ბიჭვინთის ანექსიის პროცესს და ამაზე ხმის ამოღებასაც ვერ ბედავს მთავრობა.
ჩემი კითხვები იქნება საქართველოს მთავრობის მისამართით, რატომ აგრძელებს დანაშაულებრივ დუმილს წელიწად-ნახევარზე მეტი და რატომ არ მოხდა ინფორმირება ჩვენი დასავლელი პარტნიორების იქამდე, ვიდრე სანამ საშობაო არდადეგები დაიწყებოდა, რომ მათ ჰქონოდათ გარკვეული რეაგირება განცხადება, ერთიანი პოზიცია, რაც არის ერთადერთი ბერკეტი ჩვენს ხელში და რას ელოდება საქართველოს მთავრობა, როცა რუსეთს მიაქვს ნაწილ-ნაწილ საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად საქართველოს წაღების გეგმა აქვს. ამ მოცემულობაში აპირებს თუ არა, აღიაროს ე.წ პრაგმატული პოლიტიკა სრული ფიასკოთი დასრულდა, ჩავარდა და მათი პოლიტიკა იყო აბსოლუტურად დამაზიანებელი იმ გაცხადებული ეროვნული ინტერესებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, რომლის ირგვლივაც ჩვენ ყველა უნდა ვერთიანდებოდეთ და რატომ არ მუშაობს არანაირი მსჯელობა, რა ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო ანექსიის პროცესის შესაჩერებლად“, – განაცხადა აქუბარდიამ.