თეონა აქუბარდია - როგორც ჩანს, „ხალხის ძალას“ თემები გამოელია და იმავე ფირფიტას ატრიალებს
თეონა აქუბარდია - როგორც ჩანს, „ხალხის ძალას“ თემები გამოელია და იმავე ფირფიტას ატრიალებს

როგორც ჩანს, „ხალხის ძალას“ თემები გამოელია და იმავე ფირფიტას ატრიალებს. ვურჩევდი, დავსხდეთ და მათ მოვუყვები აგვისტოს ომზე, ისევე, როგორც სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებებზე, რომელთაც აგრესიაში რუსეთი ამხილეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდიამ კომენტარი გააკეთა მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაზე, სადაც საუბარია, რომ „უნდა მოეწყოს ქართული „ნიურნბერგის პროცესი“, რათა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ პასუხი აგოს როგორც 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაულებისთვის, როგორებიცაა ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, „ელიტური“ კორუფცია, არჩევნების გაყალბება, ტელევიზიების მიტაცება, ქვეყნის ტერიტორიების რუსეთისთვის ჩაბარება და მრავალი სხვა, არამედ იმ დანაშაულებისთვისაც, რომლებსაც 2012 წლიდან დღემდე ჩადიან“.

თეონა აქუბარდიას თქმით, „ხალხის ძალის“ ნარატივი რუსეთისას ემთხვევა, როცა რუსეთი საქართველოს მიმართ ფართომასშტაბიან აგრესიას ამართლებს.

„მაინტერესებს მათი აზრი, 11 წლის შემდეგ ოკუპაციასა და ანექსიაზე რა პოზიცია აქვთ და არ საუბრობენ, როგორ უნდა დავუპირისპირდეთ ამას, როცა საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებენ. დასავლეთი ამბობს, რომ უკრაინაში ომი საქართველოში დაწყებული სამხედრო აგრესიის გაგრძელებაა და ამ მოცემულობაში რას თხრიან და ეძებენ? თუ უნდათ, აგვისტოს ომზე საჯარო ლექციას წავუკითხავ და მასალებსაც გადავცემ. იქნებ მიხვდნენ, რომ საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებენ, მაშინ როცა მთელი მსოფლიო საუბრობს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.