თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნება“ თავად გახდა ლგბტ პროპაგანდისტი, დააინიცირა ისეთი კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას, არ ვაპირებ განხილვაში მონაწილეობას
„ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ამ ვითარებაში თავად გახდა ლგბტ პროპაგანდისტი, დააინიცირა ისეთი კანონი, რომელიც მოქმედ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რამდენადაც, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების კუთხით, მნიშვნელოვნად აუარესებს მდგომარეობას. ვენეციის კომისიის დასკვნაც ამ ფუნდამენტური უფლებების კუთხით იყო, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებასთან დაკავშირებით.
აქუბარდიას თქმით, არ აპირებს იმ კანონის განხილვაში მონაწილეობას, რომელიც „პირდაპირ წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან და პირდაპირ გამოიყენება ანტიდასავლური პროპაგანდისთვის“.
„თუ გავიხსენებთ წინა ისტორიას, რომელიც ლგბტ თემის წინააღმდეგ მიმდინარეობდა პრორუსული ჯგუფების მხრიდან და იმ რისკებს, რაც მათ სიცოცხლესთან დაკავშირებით არსებობდა, ეს კიდევ უფრო ამძაფრებს ფუნდამენტური უფლებების დარღვევის საკითხს. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პროპაგანდის გაგრძელება, განმარტებით ბარათში თუ კარგად ჩახედავთ, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ისინი მიდიან რუსეთის კვალზე, სადაც ამ ტიპის კანონმდებლობაა მიღებული, თუმცა უმძიმესია ბავშვთა უფლებების მდგომარეობა. არ ვაპირებ იმ კანონის განხილვაში მონაწილეობის მიღებას, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან და პირდაპირ გამოიყენება ანტიდასავლური პროპაგანდისთვის“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
რაც შეეხება ვენეციის კომისიის მიერ საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მოსაზრებებს, თეონა აქუბარდიამ აღნიშნა: „ვენეციის კომისიის მოსაზრებები მომზადდა არა პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, არამედ თავად ევროკავშირის ინიციატივით, რაც კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ ევროკავშირი ადასტურებს ღია კარის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში, თუ საქართველოს მთავრობა შეცვლის პოლიტიკურ ნებას და დემოკრატიულ რეფორმებს განახორციელებს. მაშინ, როდესაც, მათ შორის, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები და საარჩევნო რეფორმა ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ცხრა რეკომენდაციიდან, რომელიც გაწევრიანების მოლაპარაკების წინაპირობას შექმნიდა საქართველოში, მაშინ, როდესაც უკან გადადგმული ნაბიჯით რეალურად ხდება ერთპარტიული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ვენეციის კომისიამ ღიად თქვა, რომ ეს სანდოობას უკარგავს ცესკო-ს, რაზეც ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ. „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი ამოსავალი წერტილი რომ არ არის დემოკრატია, ისევე როგორც ევროკავშირის წევრობა, ამიტომ სურთ ცესკო-სთან დაკავშირებით ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღება, რაც ძალაუფლების უზურპაციისკენ გადადგმული ნაბიჯია“.