თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნება“, ფაქტობრივად, ოპოზიციაში გადადის, რადგან ისეთი პრეცედენტი არ არსებობს, რომ უმრავლესობაში მყოფი ძალა პარლამენტის საბოტაჟს ახდენდეს
თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნება“, ფაქტობრივად, ოპოზიციაში გადადის, რადგან ისეთი პრეცედენტი არ არსებობს, რომ უმრავლესობაში მყოფი ძალა პარლამენტის საბოტაჟს ახდენდეს

„ქართული ოცნება“, ფაქტობრივად, ოპოზიციაში გადადის, რადგან ისეთი პრეცედენტი არ არსებობს, რომ უმრავლესობაში მყოფი ძალა პარლამენტის საბოტაჟს ახდენდეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

როგორც თეონა აქუბარდიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, უმრავლესობა კონსტიტუციას არღვევს, როდესაც დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

„კონსტიტუციის გარანტი პრეზიდენტია და მან, სულ მცირე, შეფასება უნდა გააკეთოს. საკითხი დასვას, როცა უმრავლესობის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას აქვს ადგილი. ხელისუფლება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სააკაშვილისდროინდელი მოსამართლეების, რომლებიც კორუფციის გამო არიან სანქცირებული, დაცვა არის უპირატესი დასავლურ ვექტორსა და საპარლამენტო საქმიანობაზე.

50 დეპუტატი პარლამენტში იქნება, თუ რაიმე სასწაული არ მოხდა. კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ პარლამენტში მმართველი გუნდი ოპოზიციაში გადადის. რეგლამენტს რომ თავი დაანებონ, კონსტიტუციას ჩახედონ, რომელსაც არღვევენ. პროცედურულ ხრიკებს იყენებენ და კონსტიტუციური სივრციდან გადიან“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.