თეონა აქუბარდია - პრეზიდენტის მოწოდება საგარეო კურსის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, გულისხმობს, რომ ელჩებმა მოკითხონ იმ მთავრობას, რომელმაც ამ ქვეყნის ევროპული მომავლის კარი დახურა
მაშინ, როდესაც კონსტიტუციით პრეზიდენტი არის ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი და „ქართული ოცნება“ სუვერენიტეტს, გაცხადებულ საგარეო ვექტორს რუსული ტიპის დეზინფორმაციით და ავტორიტარული მეთოდებით უპირისპირდება, პრეზიდენტის განცხადება და მთავრობასთან ელჩების კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბერლინში ქართველ ელჩებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, მათ ექნებოდათ კითხები ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსთან დაკავშირებით.
„პრეზიდენტს, კონსტიტუციით აქვს დიდი როლი საგარეო ურთიერთობებში. ისევე როგორც კონსტიტუციური მოცემულობაა, რომ პრეზიდენტის ხელმოწერით ხდება ელჩების დანიშვნა. მაშინ, როდესაც პრეზიდენტი კონსტიტუციით არის ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი და როდესაც „ქართული ოცნება“ ქვეყნის სუვერენიტეტს, გაცხადებულ საგარეო ვექტორს რუსული ტიპის დეზინფორმაციით და ავტორიტარული მეთოდებით უპირისპირდება, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის განცხადება და, მათ შორის, ელჩების კომუნიკაცია მთავრობასთან არის მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ბერლინში ელჩებს საჯარო კომენტარი არ გაუკეთებიათ, კითხვები იქნებოდა, ისევე როგორც პოზიციების დაფიქსირება, რადგან შეუძლებელია, დიპლომატიურ სამსახურში ამდენი წლის განმავლობაში შრომობდე ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, ხედავდე, „ქართული ოცნება“ როგორ ხურავს კარებს ევროპისკენ და ამაზე არ გქონდეს პოზიცია ან კითხვა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
მისი თქმით, ყველა ის ელჩი, რომელსაც უწყდება უფლებამოსილება, საკუთარ ქვეყანაში ჩადის და როდესაც მას ექვსი თვის განმავლობაში არსად ნიშნავენ, გამოდის, რომ გაშვებულია, მაგრამ კანონით დადგენილი ვადით რეზერვს უწოდებენ.
„საქართველოში ყველა ხედავს, რომ განსხვავებული პოზიციის გამო დევნა მიმდინარეობს, არა მხოლოდ მორალური, არამედ ფიზიკური. შესაბამისად, ძალიან სამწუხაროა, როდესაც გამოცდილ დიპლომატებს, რომლებიც ერთ და ორ წელიწადში ქვეყანაში არ იზრდებიან, განსხვავებული პოზიციების გამო ამ ფორმით უპირისპირდებიან და, მათ შორის, გადაჰყავთ იმ რეზერვში, საიდანაც ვადის გასვლის შემდეგ გადიან საჯარო სამსახურიდან“, – განმარტა თეონა აქუბარდიამ.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, პრეზიდენტის მოწოდება საგარეო კურსის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ასევე გულისხმობს, რომ ელჩებმა მოჰკითხონ იმ მთავრობას და საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც ქვეყნის ევროპული მომავლის კარი დახურა.
„შორს ვარ იმ აზრისგან, პრეზიდენტი მოუწოდებდეს, დატოვონ საჯარო სამსახურები. ვფიქრობ, მათი პოზიციები არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ქვეყნის საგარეო ვექტორი იყოს დაცული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კურსის ცვლისგან და მათი წინააღმდეგობა და მათი ქვეყნის სამსახურში ყოფნა არის მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ ოქტომბრის არჩევნებით შევძლებთ ქვეყნის დაბრუნებას კონსტიტუციურ ჩარჩოში“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 21 ივნისს საქართველოს ელჩებს მიმართა: „ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა“. მოგვიანებით, ირაკლი კოპლატაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროპაში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 18-წლიანი საქმიანობის შემდეგ უკვე ფორმალურად დაუბრუნა დიპლომატიური პასპორტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
ამასთან, საქართველოს საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ირაკლი კოპლატაძემ, რომელმაც ელჩობიდან წასვლაზე სოციალურ ქსელში 21 ივნისს დაწერა, სლოვენიაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა.