თეონა აქუბარდია - პოლიტიკური ლიდერების ეგოები არ არის დაბალი და ეს გამოწვევაა, კოალიციისთვის საჭიროა ძლიერი ლიდერები, რომლებიც გამონახავენ კომპრომისებს
კოალიციური მთავრობა არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს ერთპარტიული მმართველობა და შეიცვალოს პოლიტიკური ძალაუფლება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ამას სჭირდება წინასწარ მოსამზადებელი პერიოდი და მოსახლეობის დარწმუნება, რომ კოალიციური მთავრობა მათ ინტერესებს და კეთილდღეობას მოემსახურება.
„ბუნებრივია, არსებობს კითხვები, როგორ მოხდება კოალიციის ფორმირება, რამდენად იქნება თანხვედრა მთავარ ეროვნულ საკითხებზე. თუ არ იქნება წინასწარ თანხმობა პრინციპებზე, იქნება ეს სასამართლო რეფორმასთან თუ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, მოსახლეობას გაუჭირდება, წარმოიდგინოს, რა ტიპის მთავრობით უნდა შეცვალოს მოქმედი ხელისუფლება. ამას სჭირდება წინასწარ მოსამზადებელი პერიოდი და მოსახლეობის დარწმუნება, რომ კოალიციური მთავრობა იქნება ის, რაც მათ ინტერესებს და კეთილდღეობას მოემსახურება. ეს ამოცანა შესასრულებელია თითოეული პარტიის მხრიდან. პოლიტიკური ლიდერების ეგოები არ არის დაბალი და ეს გამოწვევაა. კოალიციური იყო „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ ხელისუფლება, კოალიციური იყო „ქართული ოცნება“, რომელმაც შეცვალა „ნაციონალური მოძრაობა“. შესაძლებლობები ისტორიაში არსებობს და ამას სჭირდება ძლიერი ლიდერები, რომლებიც გამონახავენ კომპრომისებს. ის, რომ ლიდერების კრიზისია, ახალი არ არის, მარტო საქართველოში არა, მსოფლიოში, აშშ-შია ლიდერობის კრიზისი. ამის მიუხედავად, აუცილებელია პასუხისმგებლობის აღება და გაზიარება, რომ ქვეყანამ წაიწიოს წინ“, – განაცხადა აქუბარდიამ.