თეონა აქუბარდია - „ნაცმოძრაობას“ ცალკე აქციების რესურსი რომ ჰქონოდა, სააკაშვილთან დაკავშირებულ პროტესტზეც გამოჩნდებოდა, მათ სურთ, მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი სათავისოდ გამოიყენონ
თეონა აქუბარდია - „ნაცმოძრაობას“ ცალკე აქციების რესურსი რომ ჰქონოდა, სააკაშვილთან დაკავშირებულ პროტესტზეც გამოჩნდებოდა, მათ სურთ, მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი სათავისოდ გამოიყენონ

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ვანო მერაბიშვილს „ქართული ოცნებისკენ“ მაშველი რგოლის ხელი აქვს გაწვდილი. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მერაბიშვილისა და მისი ახალი ფრთის სახით აზიანებს ქვეყნის დეკლარირებულ კურსს.

„იმ ფონზე, როცა ამდენი ხალხი ქვეყნის საგარეო კურსის დასაცავად გამოვიდა, მისი (მერაბიშვილის) ასეთი განცხადება მმართველი გუნდისთვის დამხმარეა. „ქართული ოცნება“ მერაბიშვილისა და მისი ახალი ფრთის სახით აზიანებს ქვეყნის დეკლარირებულ კურსს და ამ კონსპირაციებში მაშველია მერაბიშვილი. „ნაცმოძრაობას“ ცალკე აქციების რესურსი რომ ჰქონოდა, სააკაშვილთან დაკავშირებულ პროტესტზეც გამოჩნდებოდა. მათ სურთ, მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი სათავისოდ გამოიყენონ და არა ქვეყნისთვის. არ მგონია, მერაბიშვილს მორალური უფლება ჰქონდეს, ქვეყნის სახელით ისაუბროს, ასევე საკუთარ გუნდშიც კიდევ ნდობა ჰქონდეს“, – განუცხადა თეონა აქუბარდიამ საქართველოს პირველ არხს.

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს „უკრინფორმის“ მედიაცენტრში განაცხადა: „ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა“.