თეონა აქუბარდია - მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დიდი სურვილია, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ამ მოცემულობაში რაიმე პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება
ამ მოცემულობაში რაიმე პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დიდი სურვილია, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
როგორც თეონა აქუბარდიამ აღნიშნა, ამ მოცემულობაში მნიშვნელოვანია, შეწყდეს ანტიდასავლური რიტორიკა, რომლითაც „ქართული ოცნება“ გამოირჩევა, ისინი თავს ესხმიან პარტნიორებს და მეორე ხელით კანდიდატის სტატუსს სთხოვენ.
„მნიშვნელოვანი არ არის, რას ამბობს პრემიერი ღარიბაშვილი, მნიშვნელოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი და ის არაფორმალური შეხვედრა, სადაც საქართველოს საკითხი განიხილება და სადაც, წინასწარი მოცემულობით, ყველა რეკომენდაციის შესრულებაზეა საუბარი. საუბარია, რომ სამი რეკომენდაციაა სრულყოფილად შესრულებული. ეს არის გენდერული თანასწორობა, სახალხო დამცველის არჩევა და სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულება. რვა ნაწილობრივ შესრულებული და ერთი აბსოლუტურად შეუსრულებელი, რაც მედიის თავისუფლებას ეხება. ამ მოცემულობაში, როდესაც დეპოლარიზაციაზე პრემიერი ღარიბაშვილი აქეთ ამუნათებს ევროკავშირს, გვიპასუხოს კითხვაზე, რატომ ვერ ვხედავთ პოლიტიკოსების, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის დებატებს სატელევიზიო სივრცეში.
მიუხედავად იმ პატარა შესაძლებლობის, რომელიც საქართველოს მაინც დარჩა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ამ მოცემულობაში მნიშვნელოვანია, შეწყდეს ანტიდასავლური რიტორიკა, რომლითაც „ქართული ოცნება“ გამოირჩევა, ისინი თავს ესხმიან პარტნიორებს და მეორე ხელით კანდიდატის სტატუსს სთხოვენ. განხორციელდეს რეალური დემოკრატიული რეფორმები და შესაძლებლობა, რომელიც საქართველოსთვის მეორე შანსია, მთავრობამ ხელიდან არ გაუშვას. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, შანტაჟის ენით ესაუბროს ევროკომისიას, რაც არანაირად არ ეხმარება საქართველოს და კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს აზიანებს. ამ მოცემულობაში რაიმე პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დიდი სურვილია, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, – განაცხადა აქუბარდიამ.