თეონა აქუბარდია - მიხეილ სააკაშვილის საკითხი არის დაბრკოლება საქართველოს ევროპული მომავლისთვის
მიხეილ სააკაშვილის საკითხი არის დაბრკოლება საქართველოს ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
თეონა აქუბარდიამ კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე, სადაც კუბილიუსმა აღნიშნა: „ჩვენ მკაფიო გზავნილი გვაქვს „ქართული ოცნებისთვის“ – ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“.
როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, როდესაც ევროპულ ოჯახზეა საუბარი, იქ დემოკრატიის ხარისხთან მიმართებაში არსებობს სტანდარტები, ისევე, როგორც ევროპულ ქცევასთან მიმართებაში.
„მიხეილ სააკაშვილის საკითხი დაბრკოლებაა საქართველოს ევროპული მომავლისთვის. სასამართლო, რომელიც არ არის სრულიად თავისუფალი, ასევე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, მნიშვნელოვანი პრობლემა ხდება მის სიცოცხლესთან მიმართებაში და ამაზე კრიტიკა მიდის, ეს ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს. შესაბამისად, ვინმეს მოსწონს თუ არა კუბილიუსი, მე ვისურვებდი პრობლემის მოგვარების გზა მოვნახოთ და საჭირო არა ლანძღვის კორიანტელი, რომელიც კუბილიუსის განცხადებას, სავარაუდოდ, მოჰყვება“, – განაცხადა აქუბარდიამ.
კითხვაზე, კუბილიუსი „ქართულ ოცნებას“ ულტიმატუმის ენით ხომ არ ესაუბრება, თეონა აქუბარდიამ აღნიშნა, რომ ულტიმატუმის ენით კრემლი საუბრობს და არა ევროპარლამენტი.
„ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი ნებაა და ამას თავს არავინ გვახვევს. ულტიმატუმის ენით კრემლი გვესაუბრება და არა თუნდაც ერთი ევროპარლამენტარი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რომელ ოჯახშიც გვინდა შესვლა, იქ გარკვეული ქცევის ნორმებია, ან კრემლთან მარტო დავრჩებით, რაც ქვეყნისთვის უბედურებაა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტარების პიროვნული კრიტიკა უკვე, საუბედუროდ, ჩვეულებადაა ქცეული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის. ამას ყოველდღიური შრომა სჭირდება და არა ანტიდასავლური განცხადებები, რომელსაც ჩვენ „ქართული ოცნებისგან“ ვისმენთ“, – განაცხადა აქუბარდიამ.