თეონა აქუბარდია - ნიკა მელია ახალ პარტიას თუ შექმნის, შესაძლოა, პარტიიდან მხარდამჭერებიც წამოიყვანოს, თუმცა ეს არაა საკმარისი, საჭიროა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დარწმუნება
არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობისგან“ ხდება გარკვეული ჯგუფის გამოყოფა. აქ მთავარი არის არა რაოდენობა, არამედ ხარისხი. მთავარია, ოპოზიციურმა პარტიებმა, ლიდერებმა შექმნან შესაძლებლობა, რომ ხალხის ნდობა მოიპოვონ ამ პარტიებმა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ნიკა მელია ახალ პარტიას თუ შექმნის, არჩევნების გზით ხელისუფლების შესაცვლელად საჭირო იქნება გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დარწმუნებაც, რომ უკეთესი ალტერნატივა შეუძლიათ, შესთავაზონ.
„ნიკა მელიას პარტიის შიგნით საკმაოდ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. შესაძლოა, ნიკა მელიამ ეს მხარდამჭერები წამოიყვანოს, თუ ის შექმნის ახალ პარტიას, თუმცა ეს არ არის საკმარისი არჩევნების გზით ხელისუფლების შესაცვლელად. ამას სჭირდება ასევე იმ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დარწმუნება, რომ მათ აქვთ ძალა, უკეთესი ალტერნატივა შეუძლიათ, შესთავაზონ ამომრჩეველს. ძალიან ბევრია დამოკიდებელი, ვინ იქნება ნიკა მელიას გვერდზე“, – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ „ახალი პარტიის შექმნის თაობაზე ინფორმაცია არსებობს და საუბარია ნიკა მელიაზე, რომელსაც პარტია ჯერ არ დაუტოვებია“. ამასთან, ხატია დეკანოიძემ არ გამორიცხა ახალი პარტიის შექმნა. ამავდროულად, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ არ გამორიცხავს მათთან პარტნიორობას, ვინც მომავალი ბრძოლის ნაწილში მიაჩნია. „ლანდშაფტი შეიძლება შეიცვალოს. ნიკა ჯერ „ნაციონალურ მოძრაობაშია“, ამიტომ სამომავლო გეგმებზე მას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ პარტნიორობას არ გამოვრიცხავ მათთან, ვინც მიმაჩნია მომავალი ბრძოლის ნაწილში. მნიშვნელოვანია, შევძლოთ ჩვენი ადგილის მონახვა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.