თეონა აქუბარდია - მელიას განცხადება მუშაობის გააქტიურებისკენ მოწოდება უფრო იყო, ვიდრე პარლამენტის დატოვებისკენ
თეონა აქუბარდია - მელიას განცხადება მუშაობის გააქტიურებისკენ მოწოდება უფრო იყო, ვიდრე პარლამენტის დატოვებისკენ

ის, რომ პარლამენტში უნდა იმუშაო, ამაზე არავინ არ დავობს. პარლამენტში თუ არის პოლიტიკური ჯგუფი, უნდა იმუშაოს. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ვფიქრობ, მელიას მოწოდება თანაგუნდელებისადმი არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ან საქმით უნდა დაკავდეს, ან პარლამენტი უნდა დატოვოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.’

აქუბარდიას თქმით, ბოიკოტის დრო დამთავრებულია.

„ის, რომ მუშაობა არ მიდის საკმარის დონეზე, ესეც ცხადია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მელიას მოწოდება მუშაობის გააქტიურებისკენ მოწოდება უფრო იყო, ვიდრე პარლამენტის დატოვებისკენ. ეს არის უფრო გამოფხიზლება, ვიდრე ის, რომ ბოიკოტის რეჟიმი უნდა გააგრძელოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელსაც არაფერი კარგი არ მოუტანია თავად ამ პარტიისთვის“, – განაცხადა აქუბარდიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა, რომ ოპოზიციას პარლამენტში უწევს ერთადერთი ფუნქციის შესრულება – პარლამენტის შელამაზება „ქართული ოცნებისთვის“. „მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ ეს ყველაფერი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს“, – დაწერა ნიკა მელიამ.