თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე და ანა ბუჩუკური თელავში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს სადეპუტატო კითხვით მიმართავენ
თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე და ანა ბუჩუკური თელავში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს სადეპუტატო კითხვით მიმართავენ

ოპოზიციონერი დეპუტატები თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე და ანა ბუჩუკური შინაგან საქმეთა მინისტრს სადეპუტატო კითხვით მიმართავენ.

საქმე ეხება თელავში გუშინ მომხდარ ინციდენტს, როდესაც მოქალაქეთა ჯგუფმა ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აქუბარდიამ განაცხადა, მედიაში გავრცელებული ფოტომასალიდან ჩანდა, რომ ამ აქციისა და პიკეტირების პროცესში ჩართულები იყვნენ ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფები – „ალტ ინფო“, „კონსერვატიული მოძრაობა“.

„მერამდენედ ხდება, როცა ეს ძალადობრივი ჯგუფები ახორციელებენ თავიანთ ჩანაფიქრს ისე, რომ შსს ამას უყურებს და ხელს არ უშლის. მივმართეთ ახლად შექმნილ საგამოძიებო სამსახურს, ასევე შსს-ს, დაიწყეს თუ არა მოკვლევა ამ ფაქტზე. ასევე საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო თუ არა გამოძიება, რადგან ლევან ბერძენიშვილს შეეზღუდა კონსტიტუციით გარანტირებული გადაადგილების უფლება, ხოლო აუდიტორიაში შეკრებილ სტუდენტებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ ამ უფლებების დასაცავად ვერ ვნახეთ პოლიციელთა ქმედებები. ჩანს, რომ ეს არის ტენდენცია 5 ივლისიდან მოყოლებული, როცა შსს ძალადობრივ, პრორუსულ ექსტრემისტულ ჯგუფებს აძლევს თავისუფალი მოქმედების საშუალებას ჩვენი კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ და ამ დროს პოლიციელებმა, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ, არაფერი გააკეთეს ადამიანთა კონსტიტუციური უფლებების დასაცავად“, – განაცხადა აქუბარდიამ.