თეონა აქუბარდია - ხაბეიშვილი გვეუბნებოდა, ვინც მათ გვერდით არ არის, ყალბი ოპოზიციააო, ეს რას ნიშნავს, თუ არა ბულინგს, „ნაციონალური მოძრაობა“ თანხმობას უნდა ცდილობდეს, მაგრამ საკუთარ პარტიაშიც პრობლემა აქვთ
ყოველთვის პატივი უნდა ვცეთ განსხვავებულ აზრს. განსხვავებულ აზრთან მიმართებით ღრმა პრობლემებს ვხედავთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით აქუბარდია გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს: „ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს, ვინ არის ნამდვილი და ვინ – თვითმარქვია ოპოზიცია“.
თეონა აქუბარდიას თქმით, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იარლიყების მიწებება გრძელდება.
„ერთი მხრივ, „ქართულ ოცნებას“ როცა მოესურვება, რადიკალურ ოპოზიციაში ყველას სვამს და ამ ტერმინოლოგიით მეტ პოლარიზაციას ცდილობს, ისევე როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა გვითხრა, ის იქნება მსაჯული, თუ ვინ არის ნამდვილი და არანამდვილი ოპოზიცია. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ ერთიანი ხაზია. ყოველთვის პატივი უნდა ვცეთ განსხვავებულ აზრს. სამწუხაროდ, ღრმა პრობლემებს ვხედავთ განსხვავებულ აზრთან მიმართებით. ამიტომ, ვფიქრობ, ეს არ აერთიანებს არც ოპოზიციას და არც საზოგადოებას იმ მიზნებისთვის, რასაც ჩვენი ევროპული მომავალი, დემოკრატია და უსაფრთხოება ჰქვია, სადაც „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვან ბარიერებს, დაბრკოლებებს ქმნის“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ამასთან, თეონა აქუბარდიამ განმარტა, რატომ არ იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ გუშინდელ აქციაზე.
„პარტიულ აქციებზე არ ვივლი და არ დავდივარ. ხაბეიშვილის ეს განცხადებაც იმას უსვამს ხაზს, რომ პარტიული აქცია იყო. განცხადება, რომ ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით არაა, ის ნამდვილი ოპოზიცია არ არის, საზოგადოების კიდევ უფრო დამყოფია, ისევე როგორც ოპოზიციის. თუ მათი ნამდვილი სულისკვეთებაა, ოპოზიცია გაერთიანდეს ქვეყნის ეროვნული ინტერესების ირგვლივ და არა – „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით, ეს ყველაფერი ამას ხელს უშლის და არ ეხმარება. 9 აპრილი თანხმობის დღეა და ამ დღეს აუცილებელია ერთობის დემონსტრირება. აქცია ისე დაიგეგმა, რომ კოორდინირებული არ ყოფილა არც სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და არც დამოუკიდებელ დეპუტატებთან. ტელევიზიით შევიტყვე. ეს იყო პარტიული და არა – ერთიანობისა და თანხმობის მაჩვენებელი აქცია. ყველა აქციაზე ვიქნები მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის დეკლარირებული ინტერესების დასაცავად და არავის ბულინგის მსხვერპლი არ გავხდები. გუშინ, გარკვეულწილად, კიდევ ერთი მცდელობა იყო, რომ ის, ვინც მათ გვერდით არ დგას, მათი მტერია. ეს კიდევ უფრო დამყოფია და არა – გამაერთიანებელი იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ერთიანი ბრძოლით უნდა შევძლოთ ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღება, ისევე როგორც 2024 ხელისუფლების დემოკრატიული ცვლა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
კითხვას, აღიქვა თუ არა ხაბეიშვილის განცხადება ბულინგად, აქუბარდიამ ასე უპასუხა:
„ის გვეუბნებოდა, ვინც მათ გვერდით არ არის, ყალბი ოპოზიციააო. ეს რას ნიშნავს, თუ არა ბულინგს? არანაირ პრობლემას არ ვგრძნობ, ხაბეიშვილი ჩათვლის თუ არა ვინმეს ნამდვილ ოპოზიციად. პოლიტიკური პრობლემა უფრო მეტია, ვიდრე პიროვნული. ყველაზე დიდ იპოზიციურ ძალაზე როცა ვსაუბრობთ, „ნაციონალური მოძრაობა“ თანხმობის შექმნას უნდა ცდილობდეს, მაგრამ საკუთარ პარტიაშიც კი პრობლემა აქვთ, არა თუ სრულიად ოპოზიციურ ფლანგზე. ეს მათი შეცდომების ბრალია“, – აღნიშნა აქუბარდიამ.