თეონა აქუბარდია - გურამ მაჭარაშვილმა კანონი კარგად წაიკითხოს და ჯაშუშობაზე როდესაც საუბრობს, საკუთარ გუნდში მოიკითხოს ქვეყნის მტრები და მოღალატეები
თეონა აქუბარდია - გურამ მაჭარაშვილმა კანონი კარგად წაიკითხოს და ჯაშუშობაზე როდესაც საუბრობს, საკუთარ გუნდში მოიკითხოს ქვეყნის მტრები და მოღალატეები

გურამ მაჭარაშვილს ვეტყოდი, კანონი კარგად წაიკითხოს. საერთოდ, ქართული კანონმდებლობა იცოდეს და ჯაშუშობაზე როდესაც საუბრობს, საკუთარ გუნდში მოიკითხოს ქვეყნის მტრები და მოღალატეები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს არის პროპაგანდის გაგრძელება, რომ ის, ვინც განსხვავებულად ფიქრობს, უკვე ჯაშუშია.

„კიდევ ერთხელ ცხადია, აგენტის ამოღება რუსული კანონიდან არ ცვლის „ქართული ოცნების“ პროპაგანდას, რომ ყველა, ვინც განსხვავებულად აზროვნებს ამ ქვეყანაში, არის აგენტი, ჯაშუში, დასავლეთი არის მტერი და, ამ შემთხვევაში, რუსეთი – მოყვარე. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ბატონი მაჭარაშვილი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით ვინმეს გასამართლებაზე აცხადებს, კარგად ჩახედოს კანონმდებლობას. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის „ქართული ოცნების“ სამსახურში ჩამდგარი, მას ეს არ გამოუვა. ეს არის ჩვეულებრივო პროპაგანდის გაგრძელება, ის, ვინც განსხვავებულად ფიქრობს ამ ქვეყანაში, დასავლური ინტეგრაცია სურს, ყველა არის, არათუ აგენტი, როგორც ისინი ქართველ ხალხს სთავაზობდნენ პირველი კანონით, არამედ უკვე ჯაშუში და ქვეყნის მტერი. შესაბამისად, ეს ძალიან კარგად ასახავს იმ საბჭოურ მიდგომას, რომელიც გასაბჭოების შემდგომ დადგა საქართველოში, ამ აგენტების და ჯაშუშების ბრალდებით უამრავი ქართველი დახვრიტეს თავის დროზე, მაგრამ ვერ ეღირსება ვერც გურამ მაჭარაშვილი, ვერც „ქართული ოცნება“, დააბრუნოს ის დრო, როდესაც საქართველომ დაკარგა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ იმ საბჭოთა წარსულზე, რომელსაც ახლა, მათ შორის, გურამ მაჭარაშვილი აბრუნებს საქართველოში“, – განაცხადა აქუბარდიამ.

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა: „ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს, მათი დაუსჯელად დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე მძიმედ აისახება“.