გიორგი გახარიამ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის ახალი წევრი წარადგინა. გიორგი გახარიას გუნდს თეონა აქუბარდია შეუერთდა.
„მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ გაიხსნა საარჩევნო კამპანია და სულ მალე იქნება საშემოდგომო სესიის პირველი სხდომა პარლამენტში. მინდა, გაცნობოთ, რომ წინასაარჩევნოდ ჩვენს გუნდს შემოუერთდება თეონა აქუბარდია. ჩვენ ეს ძალიან გვიხარია, რადგან საყოველთაოდ ცნობილია მისი პროფესიონალიზმი, ის დიდი ხანია, მუშაობს უსაფრთხოების სფეროში და ძალზედ რეპუტაციული, გამოცდილი პროფესიონალია, რომელსაც ასევე დიდხანს უმუშავია უშიშროების საბჭოში და საჯარო მოხელეები მას იცნობენ, როგორც პრინციპულ, გამოცდილ და კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეს. გარდა ამისა, იცით, რომ ჩვენი გუნდი საქართველოს პარლამენტში და თეონა, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ეფექტურად თანამშრომლობდნენ, მათ აქვთ რამდენიმე ინიციატივა ერთობლივად წარდგენილი. როგორც ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება, 26 ოქტომბრის არჩევნებში ჩვენ ერთად მივიღებთ მონაწილეობას.
აქვე გეტყვით, ამ არჩევნების კამპანიის გამოცხადებასთან ერთად, სამწუხაროდ, ჩვენი რეგიონებში სიარულის დროს, ქალაქ სენაკსა და ქალაქ ხონში „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი შეხვედრის გამო, სულ რამდენიმე დღის წინ ორი სკოლის დირექტორი გაათავისუფლა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის მეთოდები, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა 2012 წელს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, როგორც თეონა აქუბარდიამ აღნიშნა, მოხარულია, რომ გახარიას გუნდის რიგებიდან განაგრძობს ბრძოლას.
„მოხარული ვარ, რომ ამ გუნდის რიგებიდან განვაგრძობ ბრძოლას ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ევროპული ტიპის კეთილდღეობისთვის. ოქტომბრის არჩევნები არის რეალური რეფერენდუმი და გზაგასაყარი ჩვენი ქვეყნის ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის. ორი მიზეზი, რის გამოც ოქტომბრის არჩევნებისთვის ამ გუნდიდან ვიწყებ ბრძოლას საქართველოსთვის ეროვნული ინტერესების მისაღწევად, არის: „გახარია საქართველოსთვის“ გარეშე ივანიშვილის დამარცხება და საქართველოს გამარჯვება შეუძლებელია; ამ პოლიტიკური გუნდის ზომიერება, კეთილსინდისიერება და ჩემი მათთან საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გამოცდილება. მჯერა, თქვენთან ერთად შევძლებთ საქართველოში ნამდვილი მშვიდობის, რეალური სუვერენიტეტის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში წევრობით ნამდვილი კეთილდღეობის მიღწევას“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.