თეონა აქუბარდია - გადატრიალების ახალი თეორიების ანონსი, რომელშიც უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები ფიგურირებენ, ნიშნავს, რომ სუს-ი შეთქმულებაში უკრაინის კვალს ხედავს
სუს-ის ახალი გადატრიალების თუ შეთქმულების თეორიების ანონსი, სადაც, მათი თქმით, უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები ფიგურირებენ, ნიშნავს, რომ სუს-ი გადატრიალების მოწყობაში უკრაინის კვალს ხედავს, მაშინ, როცა დასავლეთის ქვეყნებს აგრესორი რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ ჰყავს გამოცხადებული, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
„2014 წლიდან მოყოლებული, როდესაც შს მინისტრმა ჭიკაიძემ საბურავების რევოლუცია დააანონსა, არაერთი „გადატრიალების“ საქმეზე გვახსოვს გამოძიების დაწყება, მათ შორის გამოძიება შარშან შემოდგომაზე დაიწყო. არცერთი ამ გამოძიების დასრულება არავის ახსენდება, მით უფრო მაშინ, როცა სუს-ის მიერ გადატრიალების დაანონსების გამო „ოცნებამ“ „შეკრების და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ანტიდემოკრატიული ცვლილებებიც კი შეიტანა, რაც პრეზიდენტის ვეტოთი შეჩერდა. ამიტომ სუს-ის მიერ ახალი გადატრიალების თუ შეთქმულების თეორიების ანონსი, სადაც, მათი თქმით, საქართველოს ის მოქალაქეები ფიგურირებენ, რომლებიც დღეს უკრაინის სახელმწიფო სახელმწიფო სამსახურში არიან, ნიშნავს იმას, რომ სუს-ი გადატრიალების მოწყობაში უკრაინის კვალს ხედავს, მაშინ როცა დასავლეთის ქვეყნებს აგრესორი რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ ჰყავს გამოცხადებული“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
მისი თქმით, სუს-ის მიერ გადატრიალების სცენარი წლების მანძილზე პოლიტიკური ინტერესებისთვის უცვლელია, „ქართულ ოცნების“ პროპაგანდას ეს ყველაზე მეტად სჭირდება შიშის დანერგვის გზით ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
„მთელმა მსოფლიომ იხილა ორთვიანი მშვიდობიანი პროტესტი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, ისევე როგორც დღეს მიმდინარეობს მშვიდობიანი მზადება არჩევნების გზით რუსეთის ინტერესების გატარებაში მყოფი მმართველი პარტიის შეცვლისა. საგულისხმოა „ოცნების“ პროპაგანდა „გლობალური ომის პარტიასთან“ დაკავშირებით, რითაც ისინი დასავლეთის მტრობაზე აკეთებენ მორიგ აქცენტს, მით უფრო, როცა პრემიერი დაჟინებით აგრძელებს პროპაგანდას ევროკომისრის მიერ მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის შესახებ, მიუხედავად სუს-ის უფროსის მიერ გაკეთებული განცხადებისა ამ საქმის უსაფუძვლობის შესახებ. წლების განმავლობაში პოლიტიკური ინტერესების მიზნით გადატრიალების სცენარი სუს-ის მიერ უცვლელია და ახლა „ოცნების“ პროპაგანდას ეს ყველაზე მეტად სჭირდება შიშის დანერგვის გზით ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ფაქტია: მშვიდობა მოაქვს ევროპულ ოჯახში გაერთიანებას, სადაც ომები არ არის, ხოლო ნგრევა და უბედურება – რუსეთს, რომელზეც აკეთებს ფსონს „ქართული ოცნება“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.