თეონა აქუბარდია - ეუთო/ოდირის 30-გვერდიანი დასკვნა კიდევ ერთი ცივი შხაპია „ქართული ოცნებისთვის“
ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ეუთო-ოდირის კრიტიკულ დასკვნაში ნათქვამია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეუთავსებელია დემოკრატიულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებების კანონთან.
აქუბარდიას თქმით, იმედი აქვს, რომ კანონი სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება და სამართლებრივი ძალით გაუქმდება.
„ჯერ ჩამოვიდა ვენეციის კომისიის დასკვნა, სადაც ღიად წერია, რომ კანონი უნდა გაუქმდეს, რამდენადაც ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, ახლა, ჩვენი მიმართვის საფუძველზე, კიდევ ჩამოვიდა მეორე კრიტიკული დასკვნა, რომელიც კანონთან მიმართებით „ქართული ოცნების“ ტყუილის კიდევ ერთი მხილებაა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეუთო/ოდირი ითხოვს ამ კანონის გაუქმებას. ამასთან, ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უნდა გაიწვიოს კანონი და გადადგას ნაბიჯები, რათა კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი იყოს. ეს 30-გვერდიანი დასკვნა, რომელიც დეტალურად აშიშვლებს „ქართული ოცნების“ ტყუილს, კიდევ ერთი ცივი შხაპია „ქართული ოცნებისთვის“. იმედი მაქვს, აღნიშნული დასკვნა, ისევე როგორც ვენეციის კომისიის დასკვნა წავა სტრასბურგის სასამართლოში, ისევე როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში და გახდება დამატებითი საფუძველი, რათა აღნიშნული კანონი სამართლის ძალით გაუქმდეს“, – განაცხადა აქუბარდიამ.
მისივე თქმით, დასკვნაში ნათქვამია, რომ „რუსული კანონი“ არანაირ თანხვედრაში არ არის არც ამერიკულ კანონთან და არც ავსტრალიურთან, რომელიც განმარტებით ბარათში იყო მოყვანილი.
„სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ“ ვენეციის კომისიას არ მიმართა, არ მიმართა ასევე ეუთო-ოდირს სამართლებრივი შეფასებისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირის ექსპერტებს იმ სამართლებრივი, სწრაფი რეაგირებისთვის, რომელიც ამ კანონზე ჩამოვიდა. „ქართული ოცნება“ ერთი თვის მანძილზე უტიფრად ტყუოდა. პუნქტობრივად არის ჩამოსული სრული კრიტიკა. ღიად არის ნათქვამი, რომ „რუსული კანონი“ არანაირ თანხვედრაში არ არის არც ამერიკულ კანონთან და არც ავსტრალიურთან, რომელიც განმარტებით ბარათში იყო მოყვანილი“, – განაცხადა აქუბარდიამ.
ეუთო/ოდირმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.