თეონა აქუბარდია - არ ვფიქრობ, რომ ექვსი პარტიის ხელმოწერილი შეთანხმება მხოლოდ ერთიან სიას გულისხმობს, მთავარი საკითხია არჩევნების მოგების შემდეგ კოალიციური მთავრობის ფორმირება
არ ვფიქრობ, რომ შეთანხმება, რომელსაც ექვსმა პარტიამ მოაწერა ხელი, მხოლოდ ერთიან სიას გულისხმობს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
აქუბარდიას თქმით, მთავარი საკითხია არჩევნების მოგების შემდეგ კოალიციური მთავრობის ფორმირება და ქვეყნის დაბრუნება ევროპულ ორბიტაზე.
„მთავარი საკითხია საარჩევნო პერიოდში ხმების, ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა, ასევე ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად, ისევე როგორც არჩევნების მოგების შემდეგ კოალიციური მთავრობის ფორმირება და ქვეყნის დაბრუნება ევროპულ ორბიტაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ეს შეთანხმება, რაც სულაც არ ნიშნავს ერთიან სიას. ერთიან სიას აქვს თავისი უპირატესობა, გამოწვევები, განსაკუთრებით არჩევნების დღეს თითოეული მოქალაქის მოყვანის კუთხით. ამ ექვსი პარტიის მხრიდან 8 ივლისამდე თუ გარკვეული კონფიგურაცია გასაჯაროვდება, ეს მხოლოდ მისასალმებელია და შესაძლებლობას მისცემს მათ, დაიწყონ რეგიონებში ხალხთან საუბარი, დაიწყონ მობილიზაცია, რათა ახალგაზრდების ჩართულობით ზაფხულის პერიოდი გამოიყენონ იმ დეზინფორმაციის და პროპაგანდის გასანეიტრალებლად, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამ ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული კურსის წინააღმდეგ ახორციელებს“, – აღნიშნა აქუბარდიამ.
მისივე განცხადებით, „მთავარი სულისკვეთება და გამოწვევა ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნების“ ავტორიტარული მეთოდებით დემოკრატიული და ევროპული კურსიდან გადახვევა“.
„ამ ვითარებაში თანამშრომლობა შესაძლებელია როგორც ამ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის გზაზე, ასევე ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან საერთო პოზიციების ჩამოყალიბებაში. მათ შორის, ხმების დაცვაში ახალგაზრდების ჩართულობის კუთხით, ისევე როგორც ნათქვამი იყო – ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე შეთანხმება არჩევნების შემდეგ. ეს არის გამოძახილი პრეზიდენტის ქარტიის და, გარკვეულწილად, აგრძელებს პრეზიდენტის ქარტიის სულისკვეთებას. თუმცა ერთიანი სია არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და არც ერთადერთი გამოსავალი. მთავარი არის გამსხვილება იმგვარად, რომ ბარიერის გადალახვის საფრთხე არცერთ პოლიტიკურ ცენტრს არ ჰქონდეს და ყველა ხმა ოპოზიციის ყულაბაში წავიდეს, რათა მოვახერხოთ ამ ქვეყნის ევროპული მომავლისა და დემოკრატიის დაცვა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ნაციონალური მოძრაობამ“, „გირჩი – მეტმა თავისუფლებამ“, „ახალმა“, „ლელომ“, „დროამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ბრიუსელში ხელი მოაწერეს ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას.