თეონა აქუბარდია - არ მგონია, ყოფილ თანაგუნდელზე ჭორაობა გიორგი ვაშაძის ღირსებას საუკეთესოდ წარმოაჩენდეს
ლიდერს ქვეყნის მმართველობაზე როცა აქვს პრეტენზია, არ მგონია, ყოფილ თანაგუნდელზე ჭორაობა მის ღირსებას საუკეთესოდ წარმოაჩენდეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის საპასუხოდ განაცხადა.
აქუბარდიას თქმით, იარლიყების მიწებება, თითქოს „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობს მმართველი გუნდის იაფფასიან ხერხს ჰგავს, როცა თანაგუნდელების გაშავებას სწორედ ამ ფორმით ცდილობდნენ.
„ლიდერს ქვეყნის მმართველობაზე, როცა აქვს პრეტენზია, არ მგონია, რომ ყოფილ თანაგუნდელზე ჭორაობა მის ღირსებას საუკეთესოდ წარმოაჩენდეს. „ქართულ ოცნებასთან“ ჩემს ე.წ. თანამშრომლობასა და იარლიყების მიწებებას, რაც შეეხება ძალიან ჰგავს „ქართული ოცნების“ იაფფასიან ხერხს, როცა თანაგუნდელების გაშავებას სწორედ ამ ფორმით ცდილობდნენ. შესაბამისად, არ მგონია, რომ ეს არის სწორი ფორმა და სწორი გზა. ვაპირებ, როგორც აქამდე ვმუშაობდი პარლამენტში, ისე გავაგრძელო მუშაობა ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. არ ვფიქრობ, რომ დაპირისპირებების მცდელობები ოპოზიციას აძლიერებდეს, ან საინტერესო იყოს ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.