თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ირაკლი ბერაიას გადაწყვეტილებით, კომიტეტის წევრ ოპოზიციონერებს კომიტეტის მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდათ, რაზეც რეაგირებას ითხოვს
ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ქადაგიშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია საზედამხედველო ფუნქციიდან გამომდინარე დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმაციაზე წვდომას უზღუდავს.
თეონა აქუბარდია მიმართვაში აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის სრულფასოვანი განხორციელება პარლამენტის მნიშვნელოვანი ფუნქციაა და საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელი წინაპირობაცაა.
„პარლამენტის წევრი საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი სუბიექტია. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომლებიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების დაუბრკოლებლად განხორციელება მოიცავს საკომიტეტო ფორმატში სრულფასოვანი მუშაობის შესაძლებლობასაც. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტის თავმჯდომარე, ხელმძღვანელობს რა კომიტეტის საქმიანობას, ვალდებულია, უზრუნველყოს კომიტეტის საქმიანობის საჯაროობა და კომიტეტის წევრი პარლამენტარების იმ ძირითადი ინფორმაციით უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად.
თქვენს ყურადღებას მივაპყრობ იმ გარემოებას, რომ ბოლო პერიოდში თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომიტეტის წევრებს საპარლამენტო ოპოზიციიდან, მათ შორის, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, არ გვეცნობა კომიტეტის ისეთი უმნიშვნელოვანესი საქმიანობის შესახებ, როგორიცაა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის შესწავლა, რისი მტკიცებულებაც არის:
მიმდინარე წლის 27 აპრილს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ვიზიტი და პერევში საოკუპაციო ხაზის მონახულება; 2 მაისს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრში ვიზიტი; 2 ივნისს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრების ვიზიტი სერჟანტთა აკადემიაში; 13 ივნისს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრი დაათვალიერეს. მეტიც, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და წევრი, 3 მაისს არ ვიყავი ინფორმირებული ჯეიმს აპატურაისა და კომიტეტის წევრების შორის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ, ისევე, როგორც 5 მაისს კომიტეტის ფორმატში გამართულ საქართველოში ვიზიტად მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის დელეგაციასთან შეხვედრის თაობაზე.
ზემოთ აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 5 მაისს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს მივმართე წერილით, რასაც რეაგირება და შედეგი არ მოჰყოლია. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით. შესაბამისად, მოგმართავთ განცხადებით, შესაბამისი რეაგირება მოახდინოთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მიერ კომიტეტის წევრი დეპუტატების უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი ინფორმაციის არმიწოდების შესახებ, რაც გამორიცხავს კომიტეტის საქმიანობაში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატების სრულფასოვან მონაწილეობას“, – ნათქვამია აქუბარდიას მიმართვაში.