თეოლოგი ლევან აბაშიძე - რამდენადაც ვიცი, დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობაზე არ არის საუბარი, საუბარია შეწყალებაზე
თეოლოგ ლევან აბაშიძის შეფასებით, მეუფე იაკობის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა გამოიწვია სიტუაციის გამწვავება და სწორედ ამიტომ ჩატარდა ახლა წმინდა სინოდის სხდომა.
მისივე თქმით, მეუფე იაკობმა გაფრთხილება მიიღო, ასევე მან ითხოვა შენდობა და ბოდბის ეპისკოპოსად რჩება.
„გაფრთხილება მიიღო მეუფე იაკობმა, რომ ასეთი რაღაც აღარ უნდა განმეორდეს. მან ითხოვა შენდობა და ის რჩება ბოდბის ეპისკოპოსად“,- განაცხადა ლევან აბაშიძემ.
რაც შეეხება პეტრე ცაავას მღვდელთმთავრობიდან განყენების საკითხს, მისი ინფორმაციით, ცაავამ წმინდა სინოდს სხვა გზა აღარ დაუტოვა.
„როგორც ჩვენ გავიგეთ, მან უბრალოდ აღარ დაუტოვა არანაირი სხვა გზა სინოდს. მას სთხოვდნენ, რომ არ ყოფილიყო აგრესიული, მას სთხოვენენ, რომ წასულიყო რაღაც დათმობაზე, მაგრამ მან პირიქით, თავისი ბრალდებებით, აგრესიული მოქმედებით სხვა გზა არ დაუტოვა. ეს არის, რაც ჩვენ ვიცით. სავარაუდოდ, მართლაც ასე იყო საქმე“ ,- განაცხადა ლევან აბაშიძემ.
დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობასთან დაკავშირებით კი ლევან აბაშიძე ამბობს, რომ, როგორც აქვს ინფორმაცია, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოხდა.
„რაც შეეხება მამალაძის შეწყალების შუამდგომლობას, როგორც ჩვენ გავიგეთ მეუფე ნიკოლოზის კომენტარისგან, ძირითადი მიზეზი, რატომაც საპატრიარქო უშუამდგომლებს, არის ის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. ის არ წარმოადგენს საშიშროებას საზოგადოებისთვის, მან თავისი სასჯელის ნაწილი მოიხადა და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეწყალება და შეწყალების შუამდგომლობა არ ნიშნავს, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის უდანაშაულოა. შეიძლება ადამიანი დამნაშავეც იყოს და ის დროზე ადრე გამოუშვან, შეიწყალონ. მე რამდენადაც ვიცი, უდანაშაულობაზე არაა საუბარი, საუბარია შეწყალებაზე“, – განაცხადა ლევან აბაშიძემ.
მისივე თქმით, ზოგადად დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით წმინდა სინოდის წევრებს შორის ერთიანი პოზიცია არ არსებობს.
„სინოდში ერთიანი აზრი არ არსებობს , მაგალითად იგივე მეუფე პეტრე იყო სინოდის წევრი დღემდე და ამბობდა, რომ მამალაძე არის სრულიად უდანაშაულო, მაგრამ უმრავლესობა და საპატრიარქო ამბობს, რომ არ ვიცით, ვენდობით სასამართლოს. ზოგიერთი არ ენდობა სასამართლოს. დაველოდოთ მოვლენებს. იქნება აუცილებლად დადგენილება, რომელიც ალბათ დღის ბოლომდე გამოცხადდება, იქნება სხვა კომენტარები სინოდის წევრების მხრიდან და შემდეგ შეგვიძლია, ამაზე ვინსჯელოთ. რაც შეეხება მეუფე პეტრეს განცხადებას, მე ვენდობი მეუფე ნიკოლოზს და ვენდობი, რაც გავიგონე თვით საპატრიარქოში, რომ მისმა საქციელმა სხვა გზა არ დაუტოვა სინოდს, რომ ის გაეყვანათ სინოდიდან და გადაეყენებინათ ეპიკოპოსობიდან. მჯერა ამ სინოდის წევრების, რომლებიც ასეთ კომენტარს აკეთებენ“, – განაცხაადა ლევან აბაშიძემ.
შეგახსენებთ, წმინდა სინოდმა დღევანდელ სხდომაზე ჭყონდიდის უკვე ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან განაყენა.
ამასთან, წმინდა სინოდმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს უშუამდგომლოს პრეზიდენტთან გათავისუფლების შესახებ.