მადრიდის „რეალმა“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე მცველ ტეო ერნანდესის „მილანში“ ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა.
„კლუბი მადლობას უხდის ტეოს გაწეული სამუშაოსთვის და პროფესიონალიზმისთვის, რომელიც ჩვენს გუნდში გამოავლინა და წარმატებას უსურვებს კარიერის ახალ ეტაპზე“, – წერია ესპანური კლუბის განცხადებაში.
როგორც იტყობინებიან, 21 წლის ფეხბურთელი „მილანთან“ ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ტრანსფერის თანხამ 20 მილიონი ევრო შეადგინა.
ერნანდესი „რეალში“ 2017 წლის ზაფხულში „ატლეტიკოდან“ გადავიდა. „სამეფო კლუბს“ ეს გარიგება 24 მილიონი ევრო დაუჯდა. გასულ სეზონზე ფეხბურთელმა იჯარის წესით „რეალ სოსიედადში“ ითამაშა – 24 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.