კილიან მბაპე ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
კილიან მბაპე ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT

საფრანგეთის ფეხბურთელთა კავშირმა (UNFP) ლიგა 1-ის 2021-22 წლების სეზონის ლაურეატები გამოავლინა.

ქვეყნის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე, რომელმაც ვისამ ბენ-იედერს (მონაკო), დიმიტრი პაიეტს (მარსელი), ლუკას პაკეტასა (ლიონი) და მარტენ ტერიეს (რენი) გაუსწრო.

სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა „რენის“ დამრიგებელი ბრუნო ჟენეზიო.

ჯანლუიჯი დონარუმამ „პარი სენ-ჟერმენიდან“ ლიგა 1-ის საუკეთესი მეკარის პრიზი მიიღო.

„მარსელის“ მცველი ვილიამ სალიბა, რომელიც ლონდონის „არსენალის“ საკუთრებაა, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზის მფლობელია. ეს ჯილდო შარშან ორელიან ჩუამენიმ მოიგო, მანამდე სამი სეზონი კი კილიან მბაპე იმარჯვებდა.

გარდა ამისა, საფრანგეთის ფეხბურთელთა კავშირმა გამოავლინა წლის საუკეთესო ფრანგი ლეგიონერი. პრიზი მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ მიიღო. მისი კონკურენტები იყვნენ – უსმან დემბელე (ბარსელონა), ნ’გოლო კანტე (ჩელსი), ტეო ერნანდესი, მაიკ მენიანი (ორივე – მილანი).