თეო ჩიტიაშვილი - მანდატური ნამდვილად არ არის პოლიციელი და ის არის ბავშვის მეგობარი
თეო ჩიტიაშვილი - მანდატური ნამდვილად არ არის პოლიციელი და ის არის ბავშვის მეგობარი

მანდატური ნამდვილად არ არის პოლიციელი და მანდატური ნამდვილად არის ბავშვის მეგობარი, – ამის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსმა, თეო ჩიტიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამაზე მეტყველებს ის უამრავი შემთხვევა, რომელიც გავრცელდა, როდესაც ბავშვი მანდატურთან შესაბამისი დახმარების სათხოვნელად მივიდა და სადაც ბულინგის შემთხვევა გახდა ცნობილი, როცა არც ერთმა სხვა ზრდასრულმა ამის შესახებ არ იცოდა. ჩვენი, ზრდასრულების განწყობები ხშირად გადადის ხოლმე ბავშვებზე და რასაც ვამბობთ, გვგონია, მათ არ ესმით, მაგრამ მათ ძალიან კარგადაც ესმით. მანდატური არის ზუსტად ის მეგობარი რგოლი, რომელიც სკოლაშია, მაგრამ პედაგოგთან და მშობელთან ერთად, ვინც ბავშვის გარშემო ტრიალებს“, – განაცხადა ჩიტიაშვილმა.

ამ განცხადებით თეო ჩიტიაშვილმა გადაცემაში სტუმრად მყოფ თბილისის 161-ე საჯარო სკოლის დირექტორს, მიხეილ მინდაძეს უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბავშვმა პრობლემის შესახებ მანდატურსაც უნდა უთხრას, მაგრამ მანდატური პოლიციური სახე არ უნდა იყოს და ის ბავშვის მეგობარი უნდა იყოს, შიგნით მომუშავე ადამიანი, სანდო პირი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ესეც არ არის და ასეთები ბევრი არ არიან.

როგორც სიჭინავამ აღნიშნა, დახმარება ბულინგის მსხვერპლსაც ისევე სჭირდება, როგორც მოძალადეს, რადგან მოძალადე ბავშვიც შესაძლოა, ძალადობის მსხვერპლი იყოს.

„ჩვენი სამსახური ბავშვს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ პროგრამას სთავაზობს. ეს არ არის ასე ვთქვათ, ერთი პროგრამა, რომელშიც ყველა ბენეფიციარი ჯდება. ეს არის იმის მიხედვით, თუ რა საჭიროებები დგას“, – განაცხადა ჩიტიაშვილმა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ხშირად მიდის საუბარი იმაზე, რომ თუ ბავშვი დღეს ძალადობის მსხვერპლია, მას ეს მთელი ცხოვრება გაჰყვება.

„ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება და ჩვენ, მხარდამჭერი პროფესიის წარმომადგენლები, პედაგოგები, სკოლა, მშობლები იმისთვის ვარსებობთ, რომ სწორი და დროული ჩარევით უზრუნველვყოთ, ადამიანმა რაც შეიძლება, ნაკლები ემოციური ზიანი მიიღოს, განვითარდეს და საზოგადოებაში ინტეგრირდეს, როგორც აბსოლუტურად სრულფასოვანი პიროვნება“, – განაცხადა თეო ჩიტიაშვილმა.