თენგიზ წულაძე - სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, სჭირდება სერიოზული ჩარევები, რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს
თენგიზ წულაძე - სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, სჭირდება სერიოზული ჩარევები, რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს

ნევროლოგი თენგიზ წულაძე აცხადებს, რომ წინა თვესთან შედარებით ნევროლოგიური სტატუსი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, თუმცა მიხეილ სააკაშვილი წონაში კიდევ მეტად დაკლებულია და გამოხატულია სისუსტე.

წულაძის თქმით, საჭიროა სერიოზული ჩარევები, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს.

„67,9 იყო და ახლა არის 63,400, ანუ სადღაც ოთხი კილოთი ნაკლებია. მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტად გამოიხატა კახექსიის მდგომარეობა, სისუსტე. პაციენტზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად ფსიქიატრის ნათქვამია, რომ ის ან არ ჭამს, ან ვერ ჭამს. ვერ ჭამდა, თუ არ ჭამდა, მე ამას ხომ არ ვაკვირდები. ამიტომ მე, როგორც ერთი ვიზიტის განმახორციელებელი ადამიანი, პასუხს ვერ გაგცემთ. მე ვამბობ, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა, სჭირდება სერიოზული ჩარევები, რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს, რადგან აქედან ვერასდროს ვეღარ იტყვი, როდის და რა სისწრაფით დამძიმდება პაციენტი. დიდი ხანია, ამ ეტაპზეა, რომ პროგნოზირება ძნელია, მაგრამ ხანდახან ცოტა ძვრებია, ზოგჯერ იმატებს, ზოგჯერ ისევ პრობლემებია, ძალიან კომბინირებული და რთულად სამართავი პაციენტია. გადაადგილება შეუძლია, რამდენიმე მეტრს გაივლის, მაგრამ ეს არ არის ის, რაც ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია. სავარაუდოდ, დაცემის მაღალი რისკი აქვს. გაღრმავდა კახექსია, მაგრამ დონე ჯერ არ შეიცვლება. 52 კგ-მდე შეიძლება, არ იყოს ისეთი მაღალი რისკი, როგორიც შემდეგ წაროიქმნება, მაგრამ აქამდე არ უნდა მივიდეთ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ პაციენტი აქამდე არ მივიდეს. პაციენტს პარენტერალური კვების ჩვენება, ჩვენი აზრით, არ აქვს, რეანიმატოლოგს შეუძლია, მაგრამ არ არის სარეანიმაციო, ჩემი აზრით, ჩვეულებრივი კვება არის მნიშვნელოვანი გამოსავალი“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.

სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის წევრებმა დღეს კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს.